სურდო, ზედა სასუნთქი სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ის დიდ საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგრამ ერთი შეხედვით უბრალო სურდომ შესაძლოა სერიოზული გართულებებიც გამოიწვიოს. ცხვირი ფილტრავს ჩასუნთქულ ჰაერს, აცილებს მტვერს, მიკრობებსა და სხვა გამღიზიანებლებს, ათბობს და ატენიანებს მას, რითიც ფილტვებს გამოშრობისგან იცავს. ცხვირის ღრუში არის ნერვული დაბოლოებები, რომლებიც ყნოსვის ფუნქციას ემსახურება. ამიტომ როდესაც ცხვირის ღრუში პრობლემაა, შეიძლება ითქვას, მთელი ორგანიზმი იტანჯება: ირღვევა სუნთქვა, ყნოსვა, ძილი, შეუძლებელი ხდება კომფორტულ პოზაში წოლა.
გამომწვევ მიზეზებს სამ ჯგუფად ყოფენ: ინფექციური, არაინფექციური და ალერგიული. ინფექციური სურდოს მთავარი გამომწვევები ვირუსებია: ადენოვირუსი, რინოვირუსი, კორონავირუსი.
არაინფექციური სურდოს მიზეზები მრავალფეროვანია. ესენია ცხვირის სტრუქტურული ცვლილებები (მაგალითად, ძგიდის გამრუდება, პოლიპები), ცხვირის წვეთებისა და სპრეის ხანგრძლივი გამოყენება (!) და სხვა.
ალერგიული რინიტი, ცხადია, ცხვირის ღრუში მოხვედრილი ალერგენების საპასუხოდ ვითარდება.
სხეულის ანატომიური თავისებურებიდან გამომდინარე, სურდო ხშირად რთულდება შუა ყურის ან დანამატი წიაღების ანთებით. ასევე ხშირია პროცესის ქვედა სასუნთქ გზებში გავრცელება და ბრონქიტისა და პნევმონიის განვითარება.
ყურის ანთების, ოტიტის განვითარების ალბათობა განსაკუთრებით დიდია ახალშობილებსა და ჩვილებთან. სინუსიტისთვის დამახასიათებელია თავის ტკივილი, ზეწოლის შეგრძნება, ტემპერატურული რეაქცია, ყნოსვის დაქვეითება, უმადობა, სისუსტე. დიაგნოზისთვის შესაძლოა რენტგენოლოგიური გამოკვლევა გახდეს საჭირო. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობისას აუცილებელია ყელ-ყურ-ცხვირის ექიმის კონსულტაცია. როდესაც ცხვირით სუნთქვა გართულებულია, სინუსების ვენტილაცია ვერ ხდება, რაც ანთებით პროცესებს აძლევს ბიძგს. გაციებიდან 3-4 დღეში ჩირქოვანი გამონადენი ვლინდება. თუ მკურნალობა დაგვიანდა, პროცესი რთულდება.