რამდენიმე იშვიათი ჰიპერქარი უჩვეულო მფლობელობის ისტორიით Bonhams-ის აუქციონზე გაიყიდება, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებში გაიმართება შეერთებულ შტატებში.
ლოტების ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ეს იგივე მანქანებია, რომლებიც ლას-ვეგასის პოლიციამ ამ გაზაფხულზე ჩამოართვა თაღლითების ოჯახს, რომლებმაც კლიენტები ჯამში 57 მილიონ დოლარზე მეტით მოატყუეს. მათ შორისაა Bugatti Divo და Chiron Super Sport, Pagani Huayra R და Apollo Intensa Emozione.
მაისში პოლიციის დეპარტამენტმა მასშტაბური ფინანსური თაღლითობის სქემის გამოვლენის შესახებ განაცხადა. წყვილმა თავისი მსხვერპლი დაარწმუნა, რომ ეგზოტიკურ მანქანებში ინვესტიცია ჩაედოთ, რათა ისინი უცხოელ მყიდველებზე დიდი მოგებით გაეყიდათ. გამოძიების დროს გაირკვა, რომ სინამდვილეში არანაირი მყიდველები არ ყოფილან. თაღლითები დააკავეს და 75-ზე მეტი ბრალდება წაუყენეს, მათ შორის გამოძალვა, ქურდობა, გაყალბება და ფულის გათეთრება. პოლიციის პრესრელიზს თან ახლდა მოკლე ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო ჩამორთმეული მანქანების ნაწილი. აუქციონის ვებსაიტზე ლოტების აღწერაში ეს ამბავი არ არის ნახსენები.
Bugatti Chiron Super Sport-დან ერთ-ერთი, რომლის გარბენი 1000 კილომეტრზე ოდნავ მეტია, წინასწარი შეფასებით 3.5-4.5 მილიონ დოლარად არის შეფასებული. Bugatti Divo-დან ერთ-ერთისთვის, რომელსაც მსგავსი გარბენი აქვს, შვიდიდან ცხრა მილიონ დოლარამდე მიღებაა მოსალოდნელი.



