LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარაშვილის ქუჩაზე კილომეტრნახევრიანი ხეივანი კეთილმოეწყო

24

თამარაშვილის ქუჩის გზის გამყოფი კილომეტრნახევრიანი ხეივანი სრულად კეთილმოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია მოადგილესთან, ირაკლი ლექვინაძესთან და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსთან, ნინო სულხანიშვილთან ერთად გაეცნო. განახლებულ ხეივანში მერთან ერთად იმყოფებოდნენ ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე.

დავით ნარმანიას განცხადებით, 50 წელზე მეტია ხეივანი არ განახლებულა და ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კიდევ ერთი კომფორტული და მოსასვენებელი მწვანე სივრცე მოეწყო.

„ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი ძალიან ლამაზი ხეივანი ვაჩუქეთ. მნიშვნელოვანია ის, რომ აქ საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა, როგორც გამწვანების თვალსაზრისით და დამატებითი მცენარეების შემოტანის, ასევე, ბალახის საფარის დაგების კუთხით.  ხეივანში იქნება უფასო ინტერნეტი, დაირგო ყვავილები და ამით კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 1961 წელს გაშენებულ  ხეივანს, წელს, პირველად ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია და  დედაქალაქს კიდევ ერთი კომფორტული დასასვენებელი ადგილი შეემატა. ამასთან, რეკონსტრუქციის ფარგლებში, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და სარწყავი სისტემა, დაიგო ქვაფენილი, შეიცვალა ბორდიურები, დამონტაჟდა განათების 108 ბოძი და ლამპიონი, დაიდგა სკამები და ურნები, დაიგო 10 000 კვ.მ მწვანე გაზონი. ხეივნის ტერიტორია სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარითა და დეკორატიული ბუჩქებით გამწვანდა. დაირგო სამი სახეობის ტუიას, ოლეანდრას და ფორციზიას ბუჩქოვანი მცენარეები, მოეწყო საყვავილე თარგები.

მერიის ინფორმაციით, კომპანია „სილქნეტი“ ხეივნის სტუმრებისთვის უფასო ინტერნეტს უზრუნველყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები