თამუნა ამონაშვილი იუბილარია – მას მისალოცად დავუკავშირდით და ასევე ვკითხეთ, როგორ ახერხებს არაჩვეულებრივ ფორმაში ყოფნას. მომღერალი ამჟამად ახალ კლიპზეც მუშაობს, რომელსაც სექტემბერში ვიხილავთ.
პირველ რიგში, გილოცავ დაბადების დღეს. როგორ გრძნობთ თავს და როგორ აღნიშნავთ?
თამუნა ამონაშვილი:
ჩემი ზოგიერთი მეგობარი გიჟდება საკუთარ დაბადების დღეზე, ერთი თვით ადრე იწყებენ მზადებას, მე კი ასე არასდროს ვაკეთებ – ზოგჯერ საქმეების საქმე ისე გამოვთიშულვარ, რომ არც გამხსენებია ეს თარიღი. ზოგჯერ დავფიქრებულვარ კიდევაც, რატომ არ ვამახვილებ ყურადღებას დაბადების დღეზე, როცა ჩემ გარშემო ყველა აღფრთოვანებულია და აღნიშნავენ ხოლმე. ამ დროს, უდიდესი მადლობელი ვარ უფლის, რომელმაც მაჩუქა სიცოცხლე, რომ მოვევლინე ამ ქვეყანას, მადლობელი ვარ მშობლების. არ ვიცი, ეს დამოკიდებულება რას უნდა მივაწეროთ – თავმდაბლობაც არაფერ შუაშია. არასდროს მიყვარდა აღნიშვნა. მთელი ცხოვრება ვშრომობ, ვმუშაობ და სულ რაღაც ხდებოდა, სულ სადღაც მივდიოდი, თანაც, ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ისიცაა, რომ ამ პერიოდში ყოველთვის მარხვაა. ბევრი რამ მიშლის ხოლმე ხელს და აღნიშვნას ვერასდროს ვაბამ თავს, თუმცა ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები ცდილობენ, რომ ამ დღეს ამამოძრავონ.
ალბათ, სიურპრიზიც ბევრია ამ დღეს…
რა თქმა უნდა. მხოლოდ ჩემზე არ არის საუბარი, დაბადების დღე ნებისმიერი ადამიანისთვის ისეთი დღეა, როცა სიურპრიზებს გიკეთებენ არა მხოლოდ ოჯახის წევრები, არამედ ჩემ შემთხვევაში, უცნობებიც კი – აქ მოლოცვაზე მაქვს საუბარი. ბევრი სიურპრიზი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, რასაც კონკრეტულად ვერ გავიხსენებ, იმდენი რამ ყოფილა, იმდენი ყურადღება, სიყვარული – დღემდე ღმერთის, სამყაროს მადლობელი ვარ ამ სიყვარულისთვის, რასაც ადამიანებისგან ვიღებ ყოველდღიურად. ყოველ წუთს მებადება აზრი, რომ ტყუილად არ მიშრომია. ამდენი ხანია, არაფერი გამიკეთებია და ადამიანები მაინც დიდ სიყვარულს გამოხატავენ. როგორც ჩანს, იმდენად ბევრი ვიშრომე და იმდენად დიდი პოპულარობა მოვიპოვე, რომ ჩემი სიმღერები დღემდე ახსოვს მსმენელს, როგორც ჩანს, ძალა და ენერგია ჰქონდა… ეს უკვე ისტორიაა. ვფიქრობ, მე ჩემი ისტორიული წერტილი შევქმენი და ამით ვარ ძალიან ბედნიერი. პირველ რიგში, უფალს გადავუხდი მადლობას ყველაფრისთვის, რადგან ამას მარტო ვერ შევძლებდი, ეს დაშვებულია ზემოდან, სხვანაირად ვერ მოხდებოდა. მადლობა ჩემს ოჯახსა და მეგობრებს…
როგორ ახერხებთ ასეთ ფორმაში ყოფნას, ესეც გაგვიმხილეთ…
(იღიმის) მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ, მთელი ცხოვრება ვმარხულობ. ლოცვა და მარცხვა ერთად, ვარჯიში, სწორი კვება, ეს გეხმარება, რომ ცუდი ენერგია არ დაიტოვო, განაგდო და შენი სულიერი სამყარო გაათავისუფლო, იყო უფრო თავისუფალი, იცხოვრო ბავშვის ენერგიით. დარწმუნებული ვარ, ასეა. ჩემს თავზე ძალიან ბევრ ვმუშაობ, ძალიან ბევრს ვლოცულობ და მეხმარება ბევრი რამის გადალახვაში. რწმენის გარეშე ადამიანი ვერაფერს გადალახავ. დროებით გგონია, რომ ბედნიერება იპოვე, მაგრამ შესაძლოა, ჩატეხილ კიბეში ჩავარდე.
როგორც ვხვდები, რწმენა ზოგადად ძალიან გეხმარებათ…
ამის გარეშე არც წარმომიდგენია არავინ და არაფერი. აქედან იწყება სამყაროს ათვლა და ჩემი არსებობისაც. მე ასე მგონია. ვისთვის როგორაა. მიწიერ ცხოვრებაში ვართ, ცოდვილები ვართ, მაგრამ ათვითცნობიერებ, რომ ამის გამოსწორება შეგიძლია. როცა იცი, რომ ცუდი ქმედება არ უნდა ჩაიდინო და მუხრუჭი გაქვს, ამაში გეხმარება ლოცვის ენერგია. თუ მაინც ჩავიდენთ ცოდვას, როცა ვნება წინ მიდის და თავს ძალას ვეღარ ვატანთ, გვაქვს იმის დრო და საშუალება, სიკვდილამდე, რომ გამოვასწოროთ. ამის გამოსწორებაში გადის დრო. გსიამოვნებს, რომ გათავისუფლდი ამისგან, მეორედ აღარ გაიმეორებ. სულიერად რომ კარგად გრძნობ თავს, გარშემოც სიმშვიდე ისადგურებს. ამას გადასცემ შენ ირგვლივ ადამიანებს, ძალიან მიყვარს მშვიდ და სუფთა ადამიანებთან რთიერთობა, ამას ჩემი ენერგიებით ვგრძნობ…
შოუბიზნესში სულ სუფთა ადამიანებთან ურთიერთობა ცოტა რთული არ არის?
ძალიან რთულია – ზუსტად ჩემი ეს მდგომარეობა მეხმარებოდა, სხვა შემთხვევაში, ფაქტობრივად, თავს დავკარგავდი ამ სფეროში. შეიძლება, დამიკარგავს კიდეც, მაგრამ მერე აღმიდგენია. ცხოვრებაა – უბრალოდ, უნდა იცოდე, ვინ ხარ.
როგორც ჩანს, საკუთარ თავთან ჰარმონიის წერტილი იპოვეთ…
ზოგჯერ მაქვს ეს ჰარმონია, ზოგჯერ – ნაკლებად. ჰარმონია მაშინ არის, როცა იკვებები და ჭამაზე ფიქრობ, ვიღაცას ესაუბრები და მასთან საუბარზე ფიქრობ…
თქვენს შემოქმედებაში არის ახლა ჰარმონიული პერიოდი? ახალ კლიპს იღებთ…
ჰარმონიას ადამიანები ვქმნით ჩვენივე ცხოვრებით, დამოკიდებულებით, აზროვნებით. მნიშვნელოვანია, როგორ მოვიქცევით, მივცურავთ, მივცურავთ და გავდივართ სხვა ნაპირზე. ბევრი იდეა მაქვს, მინდა ბევრი რამის განხორციელება, მაგრამ ვერ ვახერხებ – რა თქმა უნდა, მიშლის ხელს ჩემი სიზარმაცე, თუნდაც დღევანდელი ყოფიერება, თუმცა ქვიშა არ ჩერდება და თავის გზას ნახულობს, ისევე, როგორც წყალი – მაინც ვახერხებ რაღაცას. ჩემს მეგობრებს ძალიან მოსწონთ ახალი სიმღერა, მეც ძალიან მომწონს, მეგობრები დამიდგნენ გვერდზე და მინდა, მათი საჩუქარი გავამართლო და მივიღო. ვნახოთ, როგორ მიიღებს საზოგადოება ჩემს ახალ ნამუშევარს, ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას – არა. რაც შემიძლია, ვაკეთებ, იმის იქით ღმერთმა იცის ყველაფერი.
სიმღერა ვინ დაგიწერათ?
არაჩვეულებრივი კომპოზიტორისა და ადამიანის, ჩემი მეგობრის, ცირა ბზიშვილის სიმღერაა. ისეთივე არაჩვეულებრივი მელოდია დაწერა – ზუსტად დამინახა. ჩემს სტილს არ გადავუხვიე და გავაკეთე თბილი, ტკბილი, სიყვარულით სავსე სიმღერა. მისი სახელწოდებაა „მთელი ცხოვრება მიყვარხარ“, ეს სამი სიტყვა ძალიან ძლიერია.
ახლა კლიპის გადაღებების პროცესში ვართ. ერთი თვის განმავლობაში უკვე მზად იქნება, მაგრამ პრემიერას, სავარაუდოდ, სექტემბერში შემოგთავაზებთ, ასე მირჩევნია…