ტვინს დაზიანებისგან თავის ქალას სქელი, მყარი ძვლები იცავს. ეს ორგანო გარსების რამდენიმე ფენითაა დაფარული, რომელთა შორისაც თავ-ზურგტვინის სითხეა, რაც არბილებს მასზე მიყენებული ძალის მოქმედებას. შესაბამისად, თავის რამეზე მირტყმა და მიჯახება, როგორც წესი, არ აზიანებს ტვინს. თავის ტრავმებში შედის: სკალპის დაზიანება; ქალას ძვლების მოტეხილობა; ტვინის შერყევა; ტვინის დაჟეჟილობა; ჭრილობა; ქალასშიდა სისხლჩაქცევა. ტვინი მაშინაც შეიძლება დაზიანდეს, თუ ქალა გატეხილი არ არის. ზოგჯერ თავზე კოპი ჩნდება. თუ სკალპი დაზიანდა, სისხლდენა საკმაოდ ძლიერი შეიძლება იყოს, რადგან თავზე, კანთან საკმაოდ ახლოს, სისხლძარღვები უხვადაა. მსუბუქი ტრავმის შედეგად შესაძლოა გამოვლინდეს თავის ტკივილი და თავბრუსხვევა ან თავში სიმსუბუქის შეგრძნება. თავის მძიმე ტრავმის გრძელვადიანი გართულებებიდან აღსანიშნავია: ამნეზია, ქცევითი აშლილობები, განწყობის უეცარი ცვლილებები, ძილის დარღვევები და ინტელექტუალური ფუნქციების დაქვეითება.
ტრავმირებული ადამიანის შემოწმებისას ისინჯება მუდმივი ან მზარდი ძილიანობა, დეზორიენტაცია, გულყრები, განმეორებითი ღებინება, ძლიერი თავის ტკივილი, ხელში ან ფეხში მგრძნობელობის, მოძრაობის უნარის დაკარგვა, ადამიანების ან გარემოს ცნობის უნარის დაკარგვა, წონასწორობის, მეტყველების ან მხედველობის მოშლა, კოორდინაციის დარღვევა, ხმაურიანი სუნთქვა, ცხვირიდან ან ყურიდან გამჭვირვალე სითხის დენა. თავის მძიმე ტრავმის მქონე პაციენტის გადაადგილებისას ექიმები ძალიან ფრთხილად მოქმედებენ, რადგან კიდევ უფრო არ დაამძიმონ დაზიანებები. ამ დროს, პაციენტის თავი, კისერი და ხერხემალი უნდა დაფიქსირდეს. კისერზე მყარ საყელოს უკეთებენ, აწვენენ და ამაგრებენ მაგარ დაფაზე, რათა მაქსიმალურად ნაკლებად იმოძრაოს.
პირველ რიგში მოწმდება: გულისცემის სიხშირე, არტერიული წნევა და სუნთქვა. თუ ეს უკანასკნელი დარღვეულია, შეიძლება ხელოვნური სუნთქვის აპარატი გახდეს საჭირო. ამის შემდეგ ისინჯება ტვინის ძირითადი ფუნქციები: გუგების ზომა და რეაქცია სინათლეზე, კიდურების მოძრაობის უნარი, მეტყველება, კოორდინაცია და რეფლექსები. ტვინის დაზიანების აღმოსაჩენად კომპიუტერული ტომოგრაფია კეთდება, ზოგჯერ მასთან ერთად მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაც.