LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოფრენის ახალი ტერმინალის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

42

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოფრენის ახალი ტერმინალის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც ”ფორტუნას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, პრეზენტაციას ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. მან ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც 30 ივნისს დასრულდება.

უწყების ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე არსებულ 560 მეტრიან 13R ზღურბლზე დასრულდა ხელოვნური საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები და 31L ზღურბლმა შემდეგი 560 მეტრით წაიწია.

ამასთან, სამიმოსვლო ბილიკზე Bravo დაიგო ხელოვნური საფარი. დასრულდა ბილიკ Charlie-ის პირველი ფაზით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს სამიმოსვლო ბილიკი Echo-ს სარემონტო სამუშაოები.

2015 წლის 28 მაისს, 2 წლიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია „ტავ ჯორჯიასა“ და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის ხელი მოეწერა, 2005 წელს გაფორმებული, თბილისის აეროპორტის კონცესიის ხელშეკრულების (Build Operate Transfer – BOT) განახლებულ ვარიანტს, რომელიც ითვალისწინებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის არსებული ასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციას და ასევე მთლიანად აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას.

2005 წლის ხელშეკრულებით თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები „ტავ ჯორჯიას“ მართვაში 2027 წლამდე გადაეცა. ვინაიდან 2005 წლის შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადის ოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, დღის წესრიგში დადგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისად არსებული ხელშეკრულების პირობების გადახედვა. განახლებული ხელშეკრულების თანახმად თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა 2027 წლამდე შემუშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები