თბილისში შესაძლოა ველობილიკები გამოჩნდეს. ინფორმაცია ,,ავტორადიოს” თბილისის მერიაში დაუდასტურეს. მათი თქმით, ამ ეტაპზე, დეტალებზე საუბარი ნაადრევია, რადგან, ჯერჯერობით, საკითხზე არქიტექტურის სამსახური მუშაობს.
ველოქსელის განვითარების კონცეფციაზე თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ურბანული მართვისა და განვითარების ჯგუფი მუშაობს.
ჯგუფის უფროს ვახტანგ ჯოხაძის თქმით, კონცეფციის მიზანი ქალაქში ეკოლოგიურად ჯანმრთელი სატრანსპორტო საშუალების, ველოსიპედის დანერგვა და წახალისებაა.
კონცეფციის მიხედვით, ველოქსელის განვითარება რამდენიმე ეტაპად უნდა განხორციელდეს. საწყის ეტაპზე კი, საჭიროა გადაადგილების მარშრუტების დადგენა და ველო ბილიკების განთავსება. კონცეფციის მიხედვით, ველოქსელის ძირითად მარშრუტებში სამი უბანი გამოიყო:
- ვაჟა ფშაველას გამზირი – ქავთარაძის ქუჩა – ყაზბეგის გამზირი – პეკინის გამზირი
- ჭავჭავაძის გამზირი – მელიქიშვლის გამზირი – რუსთაველის გამზირი – თავისუფლების მოედანი – პუშკინის ქუჩა – შავთელის ქუჩა – ერეკლე მე2-ს ქუჩა.
- ზაარბრიუკენის მოედანი – აღმაშენებლის გამზირი.
რაც შეეხება საპილოტე მარშრუტს, კონცეფციის მიხედვით, ჯგუფი მიზანშეწონილად მიიჩნევს ვაკის პარკის დედა ენისა და რიყის პარკებთან დაკავშირებას. აღნიშნული მარშრუტისთვის შერჩეულია ჭავჭავაძისა და რუსთაველის სავალი ნაწილის ან ტროტუარის ზოლი. თავისუფლების მოედნიდან ველობილიკი სამ მიმართუილებად დაიყოფა:
- ბარათაშვილის და ათონელის ქუჩებნის გავლით დედა ენის ბაღთან
- ბარათაშვუილის და შავთელის ქუჩების გავლით რიყის პარკთან
- კ.აფხაზის და ერეკლე მე2-ს ქუჩების გავლით რიყის პარკთან (კ. აფხაზის ქუჩაზე ველობილიკი ერეკლე მე-2-ის მოედნამდე გაგრძელდება).
როგორც მერიაში განმარტავენ, ამჟამად პროექტი კონცეფციის დონეზე არსებობს და მისი განხორციელებისთვის საჭირო თანხა და ვადები უცნობია. როგორც კი პროექტი შესაბამის სახეს მიიღებს, თბილისის მერია პროექტს საზოგადოებასაც გააცნობს.