LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელეჟურნალისტ გურამ როგავას ღია წერილი კახი კალაძეს – #91 ავტობუსში ერთ ადგილას იატაკი ჩავარდნილია, ფრთხილად იყავით!“

39

ტელეჟურნალისტი გურამ როგავა სწერს ღია წერილს თბილისის მომავალ მერს, კახი კალაძეს, რომელმაც დღეს ავტობუსით იმგზავრა და იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ქალაქის ნებისმიერი მცხოვრების თავსატეხად და დისკომფორტად შეიძლება იქცეს.

„ღია წერილი კახი კალაძეს

ბატონო, კახი, არასდროს მყოლია მანქანა და თბილისში ძირითადად საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადავადგილდები.

თითქმის ყოველდღიურად ვსარგებლობ მეტროთი, მაგრამ დილის და საღამოს საათებში იმდენი ხალხია, ხშირად ვაგონში შესვლას ვერ ვახერხებ და მომდევნოს ველოდები, მეტროდან ამოსულს კი ახალი ფეხსაცმელი მჭირდება.

ავტობუსების და მიკროავტობუსების უმეტესობა ამორტიზებულია, ზოგიერთი მძღოლი სიგარეტს სალონში ეწევა, უხეშად არღვევს მოძრაობის წესებს და საფრთხეს უქმნის მგზავრების სიცოცხლეს, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, რატომღაც არასდროს ჯარიმდება…

თითქოს უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ მინახავს და მგონია, რომ ძალიან გამაღიზიანებელია, როცა მუნიციპალური ტრანსპორტის სალონი მძღოლის გემოვნებით ფორმდება ხატებით, თუ შიშველი ქალების პოსტერებით…

გაუგებრად არის გაწერილი მოძრაობის გრაფიკი და მარშრუტი, მაგალითად ნაძალადევიდან კოსტავაზე ერთი ავტობუსით ვერ მოვხვდები, ყველა ვარიანტში მეორეში უნდა გადავჯდე, ლოდინის დრო კი არალოგიკურად ხანგრძლივია. მიკროავტობუსი ნახევარ საათში ერთხელ დადის და პიკის საათებში ყოველთვის გადატენილია.

კარგ ამინდში ველოსიპედი გამომყავს, ველობილიკების არარსებობას ავიტანდი (საავტომობილო გზაზეც შესაძლებელია გადაადგილება), მაგრამ აქაც მთავარ დაბრკოლებად მუნიციპალური ტრანსპორტი მხვდება, რომელიც შავ, მომწამვლელ გამონაბოლქვს აფრქვევს და როგორც უკვე ვთქვი, უხეშად არღვევს მოძრაობის წესებს.

მოკლედ, წლებია, პრინციპულად ვამბობ უარს მანქანის შეძენაზე, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა თბილისის საცობებს მალე ერთით მეტი მძღოლი დაემატება.

არადა, პირადად ჩემთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრად დარჩენა უფრო კომფორტულია, თუკი ამ ქალაქში ნორმალური მუნიციპალური სისტემა აეწყობა.

იმედია, მხოლოდ პიარკამპანიისთვის კიარა, პრობლემის რეალურად დასანახად და შესაფასებლად მომავალშიც ხშირად ისარგებლებთ მუნიციპალური ტრანსპორტით და კაბინეტში არ ჩაიკეტებით!

მადლობა ყურადღებისთვის!

პ.ს.- #91 ავტობუსში ერთ ადგილას იატაკი ჩავარდნილია, ფრთხილად იყავით!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები