Tesla უსაფრთხოების სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზის გამო 131 726 ელექტრომობილ Model 3 Premium-ს გაიწვევს. კამპანია ჩინეთში აწყობილ ავტომობილებს ეხება, რომლებიც ევროპისთვის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ კორეის ბაზრებისთვის იყო განკუთვნილი.
გაწვევა მოიცავს მარცხენასაჭიან ავტომობილებს, რომლებიც 2024 წლის 30 ივნისიდან 2026 წლის 8 მაისამდე პერიოდში გამოუშვეს. პრობლემა დაკავშირებულია ცენტრალური უსაფრთხოების ბალიშის პროგრამულ პარამეტრებთან, რის გამოც გვერდითი შეჯახებისას მგზავრის დაზიანების რისკი შეიძლება გაიზარდოს.
ხარვეზი ოფიციალური ტესტირებისას გამოვლინდა. სვეტთან გვერდითი შეჯახების სიმულაციის დროს დადგინდა, რომ გარკვეულ პირობებში მძღოლის მხარის არეში მოქმედმა დატვირთვამ შეიძლება დასაშვებ ზღვარს გადააჭარბოს. ეს ნიშნავს, რომ ავარიის დროს ავტომობილმა შესაძლოა მგზავრის დაცვა სათანადოდ ვერ უზრუნველყოს.
პრობლემა უკავშირდება ე.წ. ცენტრალურ, ანუ Far-Side Airbag-ის მუშაობის ალგორითმს. ასეთი ბალიში მძღოლსა და წინა მგზავრს შორის მდებარეობს და გვერდითი შეჯახებისას მათ ერთმანეთის მიმართულებით გადაადგილებისგან იცავს. Tesla-ს განმარტებით, ხარვეზის გამოსასწორებლად ბალიშის გააქტიურების პროგრამული სტრატეგიის შეცვლაა საჭირო.
კომპანია პრობლემის მოგვარებას დისტანციური პროგრამული განახლებით გეგმავს. შესაბამისად, ავტომობილების მფლობელებს სერვისცენტრში მისვლა არ დასჭირდებათ, თუ განახლება წარმატებით დაინსტალირდება.