LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Model 3-ის წარმოება გაიაფდება

584
ქირიას NEWS შაბლონი (2)

Tesla Model 3-ის კონსტრუქციაში Cybercab-ის უპილოტო ტაქსისთვის შემუშავებულ ახალ კომპონენტებს გამოიყენებენ. კომპანიის მიზანია წარმოების პროცესის გამარტივება, ელექტრონული ნაწილების რაოდენობის შემცირება და ავტომობილის თვითღირებულების დაწევა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, აისახება თუ არა ეს ცვლილებები Model 3-ის საცალო ფასზე.

როგორც კანადური გამოცემა Drive Tesla წერს, ამის შესახებ Tesla-ს ძალოვანი ელექტრონიკის ინჟინერიის ხელმძღვანელმა, ნიკ ვერზინიმ განაცხადა. მისი ინფორმაციით, განახლებული კომპონენტების გამოყენებით Model 3-ის წარმოება 2026 წლის ბოლომდე დაიწყება. მომავალში მსგავსი ტექნოლოგიების დანერგვა შესაძლოა Model Y-შიც განიხილონ.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე ახალი ინვერტორია – მოწყობილობა, რომელიც ბატარეიდან მიღებულ მუდმივ დენს ელექტროძრავისთვის საჭირო ცვლად დენად გარდაქმნის. Cybercab-ისთვის შექმნილი ინვერტორი ნაკლებ ელექტრონულ კომპონენტს შეიცავს, რაც მის წარმოებას ამარტივებს. ამასთან, ნაწილები ისეა დაპროექტებული, რომ მათი მიწოდება Tesla-ს რამდენიმე პარტნიორს შეეძლოს. ეს კომპანიას ცალკეულ მომწოდებლებზე დამოკიდებულებას შეუმცირებს და მიწოდების ჯაჭვის შეფერხებების რისკიც ნაკლები იქნება.

Tesla Model 3-ში ახალი ინვერტორის სრული მოდულის ნაცვლად მისი ცალკეული კომპონენტების – მათ შორის, ახალი ბეჭდური პლატისა და სიმძლავრის მოდულის გამოყენებას გეგმავს. ინჟინრის განმარტებით, ახალი ელექტრონული სისტემა ძრავის არსებულ არქიტექტურასთან თავსებადია. ამასთან, მისი კონსტრუქცია ისეა შემუშავებული, რომ საჭიროების შემთხვევაში Model Y-ის ძრავის სისტემაშიც შეიძლება დამონტაჟდეს, თუმცა ამ მოდელისთვის ცვლილებების დანერგვა კომპანიას ჯერ არ დაუდასტურებია.

Cybercab-ისთვის შემუშავებული სხვა ტექნიკური გადაწყვეტილებები, მათ შორის ძრავის გაგრილების სისტემის გამარტივება და შედარებით იაფი ალუმინის კორპუსის გამოყენება, შესაძლოა მომავალში Tesla-ს სხვა ავტომობილებშიც გამოჩნდეს. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, გავრცელდება თუ არა ეს სიახლეები Model 3-სა და Model Y-ზე.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კომპონენტები ავტომობილების წარმოების ხარჯების შემცირებას ისახავს მიზნად, Tesla-ს ჯერ არ განუცხადებია, გამოიწვევს თუ არა ეს Model 3-ის ფასის დაკლებას. შესაბამისად, ჯერჯერობით საუბარია წარმოების თვითღირებულების შემცირების შესაძლებლობაზე და არა მომხმარებლებისთვის ფასის ოფიციალურად შეცვლაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები