Tesla-ს ქარხანაში, რომელიც Austin-ში (ტეხასის შტატი) მდებარეობს, ააგეს პირველი სრულად ავტონომიური ტაქსი – Cybercab. ამის შესახებ გამოცემა Business Insider წერს, კომპანიის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებაზე დაყრდნობით.
ამ ეტაპზე ავტომობილს საზოგადოებრივ გზებზე გადაადგილების ოფიციალური ნებართვა არ აქვს. არსებული კანონმდებლობის პირობებში Cybercab-ს შეუძლია იმუშაოს მხოლოდ შეზღუდულ ტერიტორიაზე და დისტანციური ოპერატორის კონტროლის ქვეშ. მიუხედავად ამისა, ტესლა უპილოტო ტაქსის სერვისის გაშვებას მაინც გეგმავს.
რობოტაქსის პროტოტიპები არაერთხელ მოხვდა პაპარაცების ობიექტივში. ტესტირებისას ისინი ჩვეულებრივ გზებზე გადაადგილდებიან საჭით, პედლებითა და სალონში მყოფი ადამიანის მონაწილეობით. სხვადასხვა კონფიგურაციაც შეინიშნება – ზოგი მოდელი ტრადიციული სარკეებითაა აღჭურვილი, ზოგს კი სარკეების ნაცვლად კამერები აქვს.


Cybercab-ის კონცეპტი ოფიციალურად 2024 წლის შემოდგომაზე წარადგინეს. ორადგილიან კუპეს არ აქვს საჭე, პედლები და სხვა ტრადიციული მართვის ელემენტები – ის თავიდანვე სრულად ავტონომიურ ტაქსად არის დაპროექტებული, რომელსაც მძღოლი არ სჭირდება. ჩვეულებრივ გზებზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ხელისუფლების სპეციალური ნებართვით.