Boring Company, რომელიც ილონ მასკს ეკუთვნის, გეგმავს ფრიმონტში, Tesla-ს ორ ქარხანას შორის გვირაბი გაიყვანოს. საუბარია ძირითად შენობასა და სავარძლების მწარმოებელ ფაბრიკაზე. ამის შესახებ მასკმა ინვესტორებთან კონფერენც-ზარის დროს განაცხადა.
გვირაბი, რომელიც ავტომატიზირებულ საკონვეირო მიწოდებას უზრუნველყოფს, შეამცირებს სატვირთოების მიმოსვლას და განტვირთავს უახლოეს ტრასებს. მასკი აღნიშნავს, რომ მსგავსი სისტემის დანერგვა დაეხმარება მასალების სწრაფად მიწოდებას და დაგეგმილი, 700 000 ერთეული ავტომობილის აწყობას მომხმარებლებისთვის.
Boring Company-მ გასული წლის ზაფხულში ნიუ–იორკიდან ვაშინგტონამდე გვირაბის მშენებლობის ნებართვა მიიღო. მის გამოყენებას ვაკუუმური ზებგერითი მატარებლების სისტემა Hyperloop-ისთვის გეგმავენ. ასევე, კომპანიას აქვს საპილოტე პროექტი, რომელიც ლოს ანჯელესშიც ითვალისწინებს გვირაბის გაყვანას.