Tesla-ს კრიტიკით დაკავებულ ჩინელ კლიენტებს უზარმაზარი ჯარიმები დააკისრეს. ამერიკული ავტომწარმოებლისთვის ჩვეულებრივ მოვლენადაა ქცეული უკმაყოფილო მომხმარებლებისთვის სასამართლოში ჩივილი, ისევე როგორც ბლოგერებისთვის და მედია საშუალებებისთვის. და ხშირ შემთხვევაში „ტესლა“, რომელსაც ჩინეთის ხელისუფლების მხარდაჭერა აქვს, საქმეებს იგებს. უკმაყოფილო მომხმარებლები კი არამხოლოდ კომპენსაციას ვერ იღებენ, არამედ თვითონ უწევთ იქით გადახდა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Tesla-მ სასამართლოში 6 კერძო კლიენტს, 6 ბლოგერს და ორ მედია საშუალებას უჩივლა. 14 საქმიდან კომპანიამ 11 მოიგო. ერთი შეთანხმებით დასრულდა და კიდევ 2 აპელაციის პროცესშია.
მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო ჩჟან იაჩჟოუს შემთხვევა, რომელიც Model 3-ის მფლობელი იყო და ამტკიცებდა რომ მუხრუჭებმა უმტყუნეს, რის გამოც ავარიაში მოხვდა. ქალი „ტესლას“ სადილერო ცენტრთან მივიდა და მინი აქცია მოაწყო.
საბოლოოდ, Tesla-მ ავტომფლობელს ტყუილისთვის უჩივლა და სასამართლომაც ქალს 23 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა.