ტეტანუსი მედიცინაში მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს განსაკუთრებული მიკრობი, რასაც მოჰყვება საერთო და სასუნთქი კუნთების კრუნჩხვა, გაშეშება. ავადმყოფობის გამომწვევია მსხვილი ჩხირი, ანაერობი; წარმოქმნის სპორებს; ტეტანუსის ბაქტერიამ შესაძლოა შეაღწიოს ორგანიზმში, როდესაც ჭრილობა დაბინძურდება მიწით ან განავლით. იმ დაზიანებებიდან, რომლების დროსაც კანი მკვდარია ტეტანუსის განვითარების რისკი იმატებს. როდესაც მკვდარ ქსოვილში არ არის ჟანგბადი, ხდება ტეტანუსის სპორების გამრავლება და ისინი წარმოქმნიან ტოქსინს, რომელიც გადაადგილდება მთელ სხეულში. ტეტანუსზე ეჭვი მაშინ ჩნდება, როდესაც კუნთები ხდება რიგიდული ან ვითარდება სპაზმები, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებსაც ჭრილობები აქვთ. ადამიანებს შესაძლოა ჰქონდეთ სწრაფი პულსი, ინტენსიური ოფლდენა და მაღალი ცხელება. ზოგჯერ შესაძლებელია ჭრილობიდან აღებული ნიმუშით ბაქტერიების გაზრდა. მაგრამ ტეტანუსი შეიძლება არსებობდეს მაშინაც, როდესაც ბაქტერიების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.
ტეტანუსის თავიდან აცილება სჯობს მის მკურნალობას. ტეტანუსის აცრა სტიმულს აძლევს ორგანიზმს, გამოყოს ანტისხეულები, რომლებიც გაანეიტრალებს ტოქსინს, თუმცა, განეიტრალებას შესაძლოა დასჭირდეს რამდენიმე კვირა. ბავშვებში ტეტანუსის ვაქცინა კეთდება, როგორც აცრების სერიის ნაწილი. მოზრდილებმა, რომელთაც დაასრულეს ტეტანუსზე ვაქცინაციის პირველი სერიები, უნდა გაიკეთონ ტეტანუსის დამატებითი დოზები ყოველ 10 წელიწადში ერთხელ. ადამიანებს, რომელთაც აქვთ ჭრილობები, შეიძლება გაუკეთდეთ ტეტანუსის ვაქცინა ტეტანუსის განვითარების თავიდან აცილების მიზნით.
ადამიანები ტეტანუსით გადაჰყავთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში. ოთახებში დაცულია სიჩუმე, რომ თავიდან აცილებულ იქნეს მყუდროების დარღვევით გამოწვეული კუნთების სპაზმები. ჭრილობები სუფთავდება გულმოდგინედ და ხდება მკვდარი ქსოვილებისა და უცხო სხეულების მოცილება. შესაძლებელია დამამშვიდებელი საშუალების გამოყენება კუნთთა სპაზმის კონტროლის, რიგიდული კუნთების მოდუნების, შფოთვისა და ტკივილის მოხსნის მიზნით. ზოგჯერ საჭირო ხდება ხელოვნური ვენტილაციაც. თუ გართულებულია ყლაპვის აქტი, საკვებსა და სითხეებს აწვდიან ინტრავენურად.