რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერს ქართველი კომპოზიტორი, მსახიობი, მხატვარი და პოეტი – ჯუმბერ ჯანდიერი სტუმრობდა, რომელსაც 25 იანვარს 90 წელი შეუსრულდა. გადაცემის სტუმარმა მის შემოქმედებაზე, კარიერაზე და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა.
ბატონო ჯუმბერ, 90 წლის გახდით, მაინტერესებს, შემოქმედებით საღამოს ხომ არ გეგმავთ?
დიახ, ჩემი საღამო იგეგმებოდა და ის „თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში“ უნდა შემდგარიყო, სანამ რემონტი დაიწყებოდა, მაგრამ მერე, მე ავად გავხდი, თითქმის, 2 თვე ვიავადმყოფე და ამიტომ გადაიდო. ახლა, ჩემს დაბადების დღესთან დაკავშირებით იყო ჩაფიქრებული საღამო, მაგრამ კიდევ გადაიდო, რადგან ორკესტრი, შემსრულებლები დაკავებულები იყვნენ ამ საახალწლო მარათონის გამო. ვიმედოვნებ, თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში შედგება ეს კონცერტი. საღამო „ოპერისა და ბალეტის თეატრში“ შედგება. მინდა, რომ ჩემს კონცერტზე როგორც კლასიკური, ისე საესტრადო ნამუშევრები გაჟღერდეს.
როგორ შეაფასებდით თქვენს ცხოვრებას, მოღვაწეობას?
მე ხელოვნების მრავალ სფეროში ვმოღვაწეობ. ბევრი სიყვარული მაქვს ხალხისგან, უყვართ ჩემი ნაწარმოებები. თითქმის 70 წელი ვიმოღვაწე. როგორც მხატვარს, მქონდა უამრავი გამოფენა, როგორც საზღვარგარეთ, ისე ჩვენთან. სხვათა შორის, კიდევ მაქვს გეგმები. ახლა, კონცერტებთან დაკავშირებითაც რამდენიმე საინტერესო ნამუშევარი შევქმენი.
40 წელი თეატრში გავატარე, ასევე შესრულებული მაქვს როლები მხატვრულ ფილმებში.
თქვენს რომელ ნამუშევარს თვლით თქვენს სავიზიტო ბარათად?
ჩემი სავიზიტო ბარათი იყო „მზეო მარიამ“, რომელიც გალაკტიონ ტაბიძის ლექსზე შევქმენი, მაგრამ დიდი წინააღმდეგობა იყო, რადგან მაშინ ცენზურა არსებობდა და მუსიკა კი მოეწონათ, მაგრამ არ უნდა ყოფილიყო არც ღმერთის ხსენება, არც ტირილი, არაფერი და დამიწუნეს. მე ვუთხარი, გალაკტიონის ლექსი არის მეთქი და მერე რა, რომ გალაკტიონიაო, მუსიკა კარგია მაგრამ, ტექსტი… არ შეიძლება მაგის გაშვებაო.
მერე, „ნოსტალგია“ დავწერე მორის ფოცხიშვილის ლექსზე.
სხვათა შორის, „თეთრი რაში“ 1985 წელს დავწერე, ის 1988 წელს აჟღერდა და 1988-1989 წლების საუკეთესო სიმღერად აღიარეს.
გადაცემის ჩანაწერი