Toyota-მ ფინურ კომპანია Harvia-თან ერთად წარადგინა მსოფლიოში პირველი საუნა, რომელიც წყალბადის ენერგიით მუშაობს. როგორც შემქმნელები ამბობენ, ეს არის მსოფლიოში პირველი მსგავსი ტიპის პროექტი, რომელიც არ გამოყოფს ნახშირორჟანგს – მუშაობის პროცესში მხოლოდ სითბო და წყალი გამოიყოფა, რაც მას სრულიად უსაფრთხოს ხდის.
აღნიშნული ინოვაციური საუნა საზოგადოებას პირველად ივლისის ბოლოს ფინეთის რალის დროს წარედგინება. Toyota-ს განმარტებით, პრეზენტაციისთვის ფინეთი შემთხვევით არ შეურჩევიათ – ქვეყანაში დაახლოებით 3,3 მილიონი საუნაა, მაშინ როცა მოსახლეობა მხოლოდ 5,5 მილიონს შეადგენს.
პროექტი ამ ეტაპზე კონცეპტუალურია, ხოლო სერიული წარმოების დაწყების თარიღები ჯერ არ სახელდება. Toyota აღნიშნავს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი წყალბადზე დაფუძნებული ტექნოლოგიების და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის მიმართულებით განვითარებისთვის.
