აშშ-ში მოღვაწე კომპანიებს თანამშრომლებისთვის გაცემულ სამუშაო ვიზებისთვის წელიწადში 100 ათასი დოლარის გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ Reuters აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც სამუშაო ვიზებისთვის წელიწადში ერთჯერად გადასახადს აწესებს. ეს ვიზები გათვლილია მაღალკვალიფიციური უცხოელი სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, ინჟინერიაში, ჯანდაცვაში, ფინანსებსა და სხვა სფეროებში. კანონის მიზანი ვიზების გამოყენების შეზღუდვა და ამერიკული შრომის ბაზრის დაცვაა.
ბრძანება ძალაში 2025 წლის 21 სექტემბრიდან შევა და შეეხება როგორც ახალ, ასევე იმ განაცხადებს, რომლებიც უკვე შეტანილია, მაგრამ ამ დროისთვის ჯერ არ განუხილავთ. კომპანიები, რომლებიც გადასახადს არ გადაიხდიან, ვერ შეძლებენ ახალი თანამშრომლებისთვის სამუშაო ვიზების გაფორმებას.
H-1B ვიზაზე მოთხოვნა წლიურ ლიმიტს – 85 ათასს ძალიან ხშირად აჭარბებს. პროგრამა განსაკუთრებით პოპულარულია ტექნოლოგიურ სექტორში და მას ხშირად იყენებენ ჩინეთიდან და ინდოეთიდან ჩამოსული სპეციალისტები. გამოცემის ცნობით, ზოგიერთი მსხვილი კომპანია, როგორიცაა Microsoft, JPMorgan და Amazon, უკვე ურჩევს H-1B ვიზების მქონე თანამშრომლებს დარჩნენ აშშ-ში და თავი შეიკავონ საერთაშორისო მოგზაურობისგან, სანამ სიტუაცია არ გამოსწორდება.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეცვლის სამუშაო ვიზების გაცემის სისტემას, შეზღუდავს მათ ხელმისაწვდომობას და გაზრდის მოთხოვნებს უცხოელი მუშახელის კვალიფიკაციაზე. Menlo Ventures-ის პარტნიორის, დიდი დასის თქმით, ეს ნაბიჯი შეიძლება შემაფერხებელი ფაქტორი გახდეს აშშ-ში საუკეთესო სპეციალისტების მოსაზიდად. თუ ქვეყანა ვეღარ შეძლებს ნიჭიერი მუშახელის მოზიდვას, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს მის ინოვაციურ პოტენციალს და ეკონომიკურ ზრდას.
გადაწყვეტილებამ შეიძლება კომპანიებისთვის დამატებითი მილიონობით დოლარის დანახარჯი მოიტანოს, რაც განსაკუთრებით მძიმე იქნება მცირე ტექნოლოგიური ფირმებისა და სტარტაპებისთვის.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ვიზის მისაღებად მხოლოდ მცირე გადასახადი იყო საჭირო, ხოლო შემდგომი გადახდა რამდენიმე ათას დოლარს შეადგენდა.