ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული სავაჭრო ტარიფები სერიოზულ გავლენას ახდენს გლობალურ საავტომობილო ინდუსტრიაზე. ახალი რეგულაციებით, უცხოური წარმოების ავტომობილებზე და ნაწილებზე – დაწესდა 25-პროცენტიანი საბაჟო გადასახადი, ხოლო სხვა იმპორტირებულ პროდუქტებზე მინიმუმ 10 პროცენტიანი. ჩინეთისთვის ტარიფები კიდევ უფრო მკაცრია. ეს ცვლილებები ართულებს გლობალურ მიწოდების ჯაჭვებს და ზრდის როგორც წარმოების, ისე საბოლოო მომხმარებლისთვის ფასებს.
ამ სიტუაციაში გამონაკლისი იაპონია.
2025 წლის 23 ივლისს ტრამპის ადმინისტრაციამ იაპონიასთან ახალი სავაჭრო შეთანხმება გააფორმა, რის შედეგადაც იქიდან შემოტანილ ავტომობილებზე ტარიფი 15 პროცენტამდე შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ კიდევ მაღალი გადასახადია, სხვა ქვეყნებთან შედარებით (მაგალითად, მექსიკა და კანადა), იაპონიამ მკაფიოდ გაუმჯობესებული პირობები მიიღო. ამერიკელი მწარმოებლები, როგორიცაა GM, Ford და Stellantis, ამ შეთანხმებას უსამართლოდ მიიჩნევენ, რადგან მათ მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ მანქანებზე კვლავ 25-პროცენტიანი ტარიფი აკისრიათ — მიუხედავად იმისა, რომ ადრე ეს ბაზრები თავისუფალი ვაჭრობის ზონად მიიჩნეოდა.
აშშ-ის საავტომობილო ინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენლები ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ ტრამპის ადმინისტრაციაზე, რათა მექსიკასა და კანადასაც იგივე ტარიფი დაუწესდეს, რაც იაპონიას აქვს.
2025 წლის 29 მაისს აშშ-ის საერთაშორისო სავაჭრო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ზოგიერთი ტარიფი უკანონოა. თუმცა ეს არ ვრცელდება ავტო ინდუსტრიაზე — ტარიფები ავტომობილებზე, ფოლადზე და ჩიპებზე ძალაში რჩება, რადგან ისინი სხვა კანონითაა გამყარებული.