LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრაქეიტი

176
ტრაქეიტი

ტრაქეიტი სასულეს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებაა. ის შეიძლება იყოს მწვავეც და ქრონიკულიც. მწვავე ტრაქეიტი იშვიათად გვხვდება დამოუკიდებლად. იგი, ჩვეულებრივ, მწვავე რინიტის, ფარინგიტისა და ლარინგიტის თანხლებით მიმდინარეობს. ტრაქეიტის მიზეზი მეტწილად ვირუსული ინფექციაა, იშვიათად – სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი და სხვა. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს მშრალი, ცივი ან მტვრიანი ჰაერით სუნთქვა ან გამაღიზიანებელი ორთქლისა და აირების ჩასუნთქვა. მწვავე ტრაქეიტის დროს ხდება სასულის ლორწოვანი გარსის შეშუპება. ლორწოვანი გარსის ზედაპირზე შეინიშნება ლორწოს დაგროვება, ზოგჯერ კი წერტილოვანი სისხლჩაქცევები. მწვავე ტრაქეიტი შესაძლოა ქრონიკულში გადაიზარდოს. ის ხშირად ემართებათ ნიკოტინის მომხმარებლებს და ალკოჰოლის მოყვარულებს.

მწვავე ტრაქეიტის სიმპტომები, ჩვეულებრივ, თავს იჩენს ზედა სასუნთქი გზების ანთებთი დაავადებების შემდეგ. მისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია მშრალი ხველა. ასევე – ხველის შეტევები ღრმა ჩასუნთქვის, სიცილის, ტირილის, ჰაერის ტემპერატურის ცვლილების დროს. ხველის შეტევის დროს და მის შემდეგ ავადმყოფი გრძნობს ტკივილს სასულეში და მკერდის უკან და ამის გამო ცდილობს, შეზღუდოს სუნთქვითი მოძრაობები.

ტრაქეიტი და ტრაქეობრონქიტი შეიძლება გართულდეს და ანთებითი პროცესი გავრცელდეს ქვედა სასუნთქ გზებზე. განსაკუთრებით საშიშია ბრონქოპნევმონია მოხუცებულ პაციენტებთან და ბრონქიოლიტი – ბავშვებთან.

ქრონიკული ტრაქეიტის ძირითადი სიმპტომებია მტანჯველი შეტევითი ხველა, განსაკუთრებით – ღამისა და დილის საათებში, რომელსაც თან ახლავს გულმკერდის ტკივილი. ნახველი ზოგჯერ ცოტაა და წებოვანი, ზოგჯერ – უხვი და ლორწოვან-ჩირქოვანი, მაგრამ, კონსისტენციის მიუხედავად, ადვილი ამოსახველებელია. დაავადება მიმდინარეობს დიდხანს და ახასიათებს გამწვავებები. ქრონიკული ტრაქეიტის მკურნალობის პრინციპი ისეთივეა, როგორიც მწვავე ტრაქეიტისა. ჩირქოვანი და ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველის არსებობისას ინიშნება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, ინჰალაცია, ამოსახველებელი საშუალებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები