ტურისტებმა შოტლანდიაში, 1490 წელს აშენებულ არდვრეკის ციხესიმაგრეში კედელი ჩამოანგრიეს მხოლოდ იმიტომ, რომ ფოტო გადაეღოთ. ამის შესახებ Metro ავრცელებს ინფორმაციას.
გავრცელებული ცნობით, მოგზაურებს სურდათ ისტორიული ძეგლის ფონზე იდეალური სელფის გადაღება, მაგრამ საჭირო ადგილისკენ მიმავალი გზა სველი ქვიშის გავლით იყო. ტურისტებმა ფეხების დასველება არ ისურვეს და ამის სანაცვლოდ ციხესიმაგრის უძველესი კედლის ნაწილის დაზიანება გადაწყვიტეს.
როგორც Historic Assynt-ის Facebook ჯგუფში დაწერეს, დაზიანებული ნაწილი ნაწილობრივ უკვე აღადგინეს, თუმცა თანხის შეგროვება კვლავ გრძელდება.
არდვრეკის ციხესიმაგრის ისტორია 1490 წლიდან იწყება, მაშინ კომპლექსი შოტლანდიური კლანის, მაკლაუდების, ოჯახს ეკუთვნოდა.
