გერმანიაში დასრულდა სამწლიანი ექსპერიმენტი უპირობო საბაზისო შემოსავლის გაცემაზე. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ თვეში 1200 ევროს რეგულარული გადახდა დადებითად მოქმედებს ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და თვითრწმენის ამაღლებაზე.
უპირობო საბაზისო შემოსავლის იდეის კრიტიკოსები ხშირად ამტკიცებენ, რომ მსგავსი დახმარება ადამიანებს მუშაობის სურვილს დაუკარგავს და ეკონომიკას დააზარალებს. თუმცა ექსპერიმენტმა ეს მოსაზრება არ დაადასტურა – მონაწილეები აგრძელებდნენ მუშაობასა და სწავლას ჩვეულ რეჟიმში.
კვლევაში მონაწილეობდა 1700 ადამიანი 21-დან 40 წლამდე, რომლებიც შერჩეული იყვნენ ლატარიის პრინციპით. სამი წლის განმავლობაში მიღებული საბაზისო შემოსავალი არ იბეგრებოდა გადასახადით.
ექსპერიმენტის მონაწილეებმა მუშაობა უფრო კრეატიულად დაიწყეს, რაც მკვლევრების შეფასებით შესაძლოა იმით აიხსნას, რომ სამუშაო მათთვის უფრო დამაკმაყოფილებელი გახდა და საკუთარი თვითშეფასებაც გაიზარდა.

გარდა ამისა, საბაზისო შემოსავლის მიმღები ადამიანები ორჯერ უფრო ხშირად ეხმარებოდნენ მეგობრებს ან აკეთებდნენ ქველმოქმედებას, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის წევრები.
ექსპერიმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ გაზრდილი თვითშეფასება და თავდაჯერებულობა ადამიანებს უფრო პროდუქტიულს ხდის. მათი აზრით, ასეთმა მიდგომამ მომავალში შესაძლოა შეამციროს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემებზე გაწეული ხარჯებიც.
გერმანიის ხელისუფლება ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, იგეგმება თუ არა უპირობო საბაზისო შემოსავლის დანერგვა ქვეყნის მასშტაბით.

ევროპის ქვეყნები უკვე წლებია ატარებენ მსგავს ექსპერიმენტებს. მაგალითად, ფინეთში ტესტის ფარგლებში 2000 მოქალაქე თვეში 560 ევროს იღებდა. ექსპერიმენტები მიმდინარეობს ან იგეგმება გერმანიაში, ესპანეთსა და იტალიაში.
შვეიცარიაში კი 2016 წელს მოქალაქეებმა რეფერენდუმზე საბაზისო შემოსავლის შემოღებას მხარი არ დაუჭირეს.
ევროპაში სხვადასხვა ფორმატის მოდელები მოწმდება. მაგალითად, ირლანდიაში საბაზისო შემოსავალს ხელოვანები მიიღებენ, რათა მეტი დრო და ენერგია შემოქმედებას დაუთმონ და არა სხვა სფეროებში შემოსავლის მოძიებას.