უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა შესაძლოა ქუთაისის აეროპორტში რეისები გააუქმოს. როგორც “ფორტუნას” საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, ამ ეტაპზე ისინი ავიაკომპანიასთან მოალაპრაკებებს აწარმოებენ.
“დაზუსტებით ჯერ ვერაფერს ვიტყვით. მიმდინარეობს მოლაპარაკებები”, – განაცხადეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
ამ დროისთვის მათი ოფიციალური ვებ გვერდიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, ბილეთების დაჯავშნა კვლავ შესაძლებელია.
“ფორტუნა” უკრაინის ავიახაზების ქართულ წარმომადგენლობასაც დაუკავშირდა, სადაც კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავეს, თუმცა განაცხადეს, რომ კომპანია თბილისის აეროპორტიდან გასვლას არ აპირებს.
“საუბარია მხოლოდ ქუთაისის აეროპორტის დატოვებაზე, თუმცა ეს გადაწყვეტილი არ არის. მეც ველოდები კომპანიისგან პასუხს”, – განაცხადა უკრაინის ავიახაზების გენერალურმა მენეჯერმა საქართველოში ლალი ბეშქენიძემ.
უცნობია, მიზეზი რატომ ფიქრობს ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტების დატოვებას.
უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს 2015 წლიდან ასრულებს. რეისები ხარკოვისა და კიევის მიმართულებით, კვირაში 3 სიხშირით ხორციელდება.
თამთა უთურგაშვილი