LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკვე მეორედ: შერმადინი თვის MVP

13

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მარტის თვის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატის თვის MPV-ად დასახელება ნებისმიერი კალათბურთელისთვის დიდი მიღწევაა და ეს „მორაბანკ ანდორას“ ქართელმა ცენტრმა მიმდინარე სეზონში მეორედ მოახერხა!

შერმადინი ესპანეთის ლიგის იანვრის თვის საუკეთესო კალათბურთელადაც დასახელდა, რქაც ბოლო წლებში ესპანეთში თითებზე ჩამოსათვლელად მომხდარა. თანაც, წინ კიდევ მინიმუმ 2 თვეა და შერმადინი გაჩერებას არ აპირებს: ქართველი ცენტრი ყოველ მატჩში გამორჩეულ შედეგს აჩვენებს და იშვიათია შემთხვევა, როცა ის თავის გუნდში საუკეთესო არ არის.

შერმადინის გამორჩეულ შედეგს, ცხადია, ესპანური ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი გამოეხმაურა და ქართველი ცენტრის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ:

“ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა ესპანეთის პირველობის მარტის საუკეთესო კალათბურთელის წოდება მოიპოვა და თანაც, კონკურენტებს საგრძნობი უპირატესობით აჯობა. სწორედ მისი ლიდერობით, “მორაბანკ ანდორამ” გასულ თვეში 4-დან 2 მატჩი მოიგო და საპლეიოფო მე-8 ადგილის შენარჩუნება მოახერხა.

მარტში ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის საშუალო მაჩვენებელი 27.75 პუნქტი გახლდათ, რამაც მას წლეულს უკვე მე-2 ტიტული მოუტანა. შეგახსენებთ, რომ შერმადინი საუკეთესოდ უკვე დასახელდა იანვარში, ახლა კი, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ლიგის ერთერთი საუკეთესო კალათბურთელია.

გიორგის საუკეთესო მაჩვენებლები 25-ე ტურში ჰქონდა, როდესაც ანდორელებმა “სარაგოსას” სძლიეს, ქართველმა ცენტრმა კი 27 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა და მეტოქეებს წესების დარღვევა ერთბაშად 10-ჯერ აიძულა.
სათქმელია ისიც, რომ მან თამაშიდან 9-ვე ტყორცნა გამოიყენა და სარგებლიანობის კოეფიციენტი 41-მდე აიყვანა. გასაკვირი არ ყოფილა, რომ მაშინ შერმადინი კვირის საუკეთესო კალათბურთელადაც (კარიერაში მესამედ) დასახელდა.


გიორგი გამორჩეული იყო “მანრესასთან” მოგებულ საშინაო მატჩშიც, რომელშიც 20 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა და მეტოქეებს 5 პერსონალური ფოლი მიაღებინა. შედეგად, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 29-ს გაუტოლდა.

“მორაბანკ ანდორას” კვლავაც ძალიან უჭირდა გასვლით მატჩებშიც და მარტშიც სტუმრად 2-ჯერ დამარცხდა. შერმადინს ყველაზე მწირქულიანი თამაში “მურსიასთან” ჰქონდა, რომელშიც მხოლოდ 12 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. მისი სარგებლიანობის მაჩვენებელიც დაბალი იყო – 12.
სამაგიეროდ, შერმადინი ჩინებულად გაისარჯა კატალონიაში. მართალია, მისმა გუნდმა “ბარსელონასთან” უიმედოდ წააგო, ქართველმა ლეგიონერმა 18 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა და სარგელიანობის კოეფიციენტი 21-მდე აიყვანა, რაც თვის საუკეთესო მოთამაშის წოდების მისაღებად სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.

როგორც აღვნიშნეთ, შერმადინის საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტი 25.75 პუნქტს გაუტოლდა, მისი სხვა საშუალო მაჩვენებლები კი ასეთი იყო: 19.2 ქულა, 6.5 მოხსნა, 0.5 პასი, 1.2 ჩაჭრა, 0.5 დაფარება და 7.0 გამომუშავებული ფოლი.

ქართველი ცენტრი მთელს ლიგაში პირველია საშუალოდ მოხსნებში (7.58), მეორეა სარგებლიანობის კოეფიციენტით (22) და მე-3 – მექულეებში (15.5).
მას შემდეგ, რაც შერმადინმა მორიგი აღიარების შესახებ შეიტყო, გაკვირვება არ დაუმალავს. “მართალი გითხრათ, ამას არ ველოდი, თუმცა, ჩინებული ამბავია. გასულ ტურში “ბარსელონასთან” ცუდად ვითამაშეთ, ამიტომ ეს მატჩი რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ და მოახლოებულ შეხვედრებზე გადავერთოთ, რათა პლეიოფში გასვლა მოვახერხოთ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები