LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა დავამტკიცოთ, რომ წინსვლა გვაქვს: ვაისი საქართველოს გადამწყვეტი მატჩებისთვის ამზადებს

6

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა. სლოვაკმა სპეციალისტმა სპორტული მედიის შეკითხვებს სასტუმრო “ჰუალინგში” უპასუხა. პრესკონფერენციის მთავარი თემა საქართველოს ნაკრების მიერ დუბლინსა და კარდიფში ჩატარებული საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები იყო.

– ოქტომბერში ორი განსხვავებული თამაში გვქონდა. ირლანდიასთან პირველი ტაიმი იყო უკეთესი, უელსის ნაკრებთან შეხვედრის მეორე ტაიმი კი საუკეთესო ჩემი საქართველოს ნაკრებში მუშაობის პერიოდში. ახალგაზრდული გუნდი ვართ და ჯერჯერობით სწავლის პროცესში ვიმყოფებით. ჩვენი ძირითადი ბირთვი 23-24 წლის ფეხბურთელები არიან და მომავალში ისინი უფრო ძლიერები გახდებიან.

– რამდენად დიდი შანსი, რომ მოლდოვასთან ჯაბა კანკავა ვიხილოთ?

– ჯაბას გუშინ ვესაუბრე. მან მითხრა, რომ საერთო ჯგუფში ვარჯიშობს და შესაძლოა, შაბათს “რეიმსის” ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს. მას ჯანმრთელობას ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, რომ მოლდოვასთან შეხვედრისთვის ის მზად იქნება და გუნდს დაეხმარება.

– ოქტომბრის შეხვედრებში გამოჩნდა, რომ სტანდარტულების დროს ძალიან გვიჭირს…

– გეთანხმებით, ამის თაობაზე უნდა ვიფიქროთ. ადრე საქართველოს ნაკრები პერსონალურ დაცვას თამაშობდა, ჩემი მოსვლის შემდეგ კი ზონურ დაცვას ვთამაშობთ და ვფიქრობ, რომ ეს ოპტიმალური ვარიანტია. მთავარია, მოთამაშეებმა დავალება სწორად შეასრულონ და გოლებს არ გავუშვებთ.

– არის თუ არა შანსი, რომ საქართველოს ნაკრებმა გამოკვეთილი ცენტრფორვარდის გარეშე ითამაშოს?

– მჭედლიძეს სათამაშო პრაქტიკა რომ ჰქონოდა და ბოლომდე ყოფილიყო მზად, შესაძლოა მომენტები გამოეყენებინა და შინ სამი ქულით დავბრუნებულიყავით. ეროვნული გუნდის შემტევებს სათამაშოს პრაქტიკის პრობლემა აქვთ. ვიმედოვნებ, რომ მჭედლიძეც, ყაზაიშვილიც და ოქრიაშვილიც მეტ სათამაშო დროს მიიღებენ. სამი მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის, რომლებშიც ფაქტობრივად ჩვენი ბედი წყდება ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც გამოკვეთილი ფავორიტი არაა და ჩვენ სიურპრიზების გაკეთება შეგვიძლია. მოახლოებულ ტურში ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან, ჩვენ კი მოლდოვას ვმასპინძლობთ, რაც ჩვენთვის შანსია. სასიხარულოა, რომ მომავალ შეხვედრამდე მოსამზადებლად დრო გვექნება.

– რამდენად რეალური იქნება მოდლოვასთან ნაკრებში ჭანტურიას დაბრუნება?

– ავსტრიასთან თამაშის შემდეგ გასახდელში მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რის გამოც ის აღარ გამოვიძახე. თუმცა, ჭანტურია კარგი მოთამაშეა და მისთვის ნაკრების კარი ღიაა.

– ბოლო შეხვედრებში თავი კაკაბაძემ გამოიჩინა. მოლდოვასთან დაცვის მარჯვენა ფლანგზე მას უნდა ველოდოთ თუ ლობჟანიძეს?

– ტრავმები ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია. უჩა ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობის მოთამაშეა და მასზე მომავალშიც ვამყარებთ იმედებს. კაკაბაძემ კი ღირსეულად ითამაშა და საკუთარი შანსი გამოიყენა, ისევე როგორც გვილიამ. ეს ქართული ფეხბურთის მომავალია. სამწუხარო ისაა, რომ ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველების უმრავლესობა შემტევები არიან, სადაც კონკურენცია დიდია. დაცვის ხაზსა და საყრდენ ზონაში კი ფეხბურთელები არ გვყოფნის და ძირითადის მოთამაშეების გამოკლების შემთხვევაში, მათი შეცვლა პრობლემატური ხდება.

– როგორ შეაფასებდით ჩვენს მომდევნო მეტოქეს?

– ვნახეთ მოლდოველთა მატჩი უელსის ნაკრებთან, რომელიც 0:4 წააგეს. მარცხის მიზეზი ინდივიდუალური შეცდომები იყო. მოახლოებულ შეხვედრაში ფავორიტის როლში ვიქნებით და უნდა დავამტკიცოთ, რომ წინსვლა გვაქვს. მეტოქე კი აქცენტს კონტრშეტევებზე გააკეთებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები