უნგრეთის ყოფილი საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი პეტერ სიიარტო, რომელმაც თანამდებობა მიმდინარე წლის მაისში დატოვა, ჩინური ავტომწარმოებლის BYD-ის ხელმძღვანელ გუნდს შეუერთდა.
როგორც გამოცემა Cnevpost წერს, სიიარტომ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. მისი განცხადებით, BYD-ში საერთაშორისო ურთიერთობებისა და კომპანიის ახალი ბიზნესმიმართულებების განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი.
გამოცემის ინფორმაციით, მინისტრობის პერიოდში პეტერი აქტიურად უწყობდა ხელს BYD-ის ინვესტიციების მოზიდვას უნგრეთის ეკონომიკაში.
ამჟამად ჩინური ავტო კონცერნი უნგრეთის სამხრეთ ნაწილში მსუბუქი ავტომობილების ახალ საწარმოს აშენებს. წარმოების დაწყება 2026 წლის მეოთხე კვარტალში იგეგმება, რაც თავდაპირველ გეგმასთან შედარებით დაახლოებით ერთი წლით დაგვიანებულია.

გარდა ამისა, BYD-ს უნგრეთში უკვე აქვს ავტობუსების საწარმო, რომელიც რამდენიმე წელია ფუნქციონირებს.
ანალიტიკოსების შეფასებით, პეტერ სიიარტოს გამოცდილება BYD-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის პოლიტიკურ გარემოსთან ურთიერთობის მიმართულებით.
ევროპაში სწრაფი გაფართოების ფონზე, ჩინურ კომპანიას მხოლოდ გაყიდვების ზრდა აღარ ჰყოფნის – მას ევროკავშირის რეგულაციებთან, პოლიტიკურ პროცესებსა და წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის ეფექტიანი მართვაც სჭირდება. სწორედ ამ მიმართულებით ითვლება ყოფილი მინისტრის გამოცდილება კომპანიისთვის მნიშვნელოვან უპირატესობად.