ვარდების მოედანზე საბაგირო სადგური აღარ აშენდება. როგორც ”ფორტუნას” თბილისის მერიაში განუცხადეს, პროექტს დედაქალაქის მერია სხვა ტერიტორიაზე განახორციელებს.
მერიაში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ სად განთავსდება ახალი საბაგირო. დედაქალაქის მთავრობაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის ადგილის შერჩევაზე ინვესტორთან ერთად მუშაობენ.
საბაგირო გზის სადგურის მშენებლობა 2012 წლის იანვარში დაიწყო. მას ვარდების მოედანი მთაწმინდის პარკთან უნდა დაეკავშირებინა. საბაგიროს საყრდენი ბოძი დაიდგა გრიბოედოვის ქუჩის დასაწყისში, ხოლო ავსტირულმა კომპანიამ 2 მლნ-მდე ევროს ღირებულების მოწყობილობები დაამზადა.
ამასთან, მერიის ახალმა ადმინისტრაციამ არსებული ესკიზიც დაიწუნა და საბაგირო სადგურის ესკიზური პროექტების ღია არქიტექტურული კონკურსი გასული წლის ზაფხულში გამოაცხადა.
2016 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტში საბაგიროების რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის 7 მილიონი ლარია გათვალიწინებული. ჯერჯერობით უცნობია, დაიხარჯება თუ არა აღნიშნული თანხიდან სახსრები ”ინვესტორთან ერთად შერჩეულ სხვა ადგილზე” გადატანილი საბაგიროს მშენებლობის დასრულებისთვის.