LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარშავის ქუჩებში გარეულ ტახებს ახლა ჰუმანოიდი რობოტი დასდევს – ვიდეო

107
ქირიას NEWS შაბლონი (3)

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საცხოვრებელ უბნებში შეჭრილი გარეული ტახების მოსაგერიებლად უჩვეულო მეთოდს იყენებენ – ცხოველებს ჰუმანოიდი რობოტი, სახელად ედვარდ ვარჰოცკი დასდევს და მათ უახლოესი ტყის მიმართულებით აბრუნებს.

ედვარდი პოლონელმა პროგრამისტებმა – რადოსლავ გჟელიაჩეკმა და ბარტოშ იძიკმა ჩინური კომპანია Unitree Robotics-ის პლატფორმის საფუძველზე შექმნეს. 1,32 მეტრი სიმაღლის რობოტს დამოუკიდებლად გადაადგილება, სიარული და სირბილიც შეუძლია. მისი მთავარი ამოცანა ტახების დაჭერა კი არა, მათი დაფრთხობა და ბუნებრივ გარემოში დაბრუნებაა.

ვარშავის ზოგიერთ რაიონში გარეულ ტახებთან შეხვედრა საკმაოდ ხშირია. ცხოველები ხშირად შედიან პარკებში, ეზოებსა და გზებზე, რაც როგორც ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს, ისე საფრთხეს უქმნის ფეხით მოსიარულეებსა და მძღოლებს.

ედვარდი ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც რობოტი ავტოსადგომზე სამ ტახს მისდევს და ტყისკენ მიმართავს. ვიდეო მალევე ვირუსული გახდა და საერთაშორისო მედიის ყურადღებაც მიიპყრო.

საინტერესოა, რომ ედვარდი პოლონეთში მანამდეც საკმაოდ ცნობილი იყო. ის ქალაქის ქუჩებში გამვლელებთან ცეკვავდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობდა, სატელევიზიო გადაცემებსა და პარლამენტშიც კი გამოჩენილა. თუმცა სწორედ ტახებთან დაკავშირებულმა ვიდეომ მოუტანა მას საერთაშორისო პოპულარობა.

გარეული ტახების ქალაქებში მომრავლების პრობლემა მხოლოდ პოლონეთს არ ეხება. მსგავსი შემთხვევები ხშირად ფიქსირდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთშიც. ცხოველებს ქალაქებში საკვები იზიდავთ, ისინი ხშირად იქექებიან ნაგვის კონტეინერებში, შედიან კერძო ტერიტორიებზე და ზოგჯერ გადატვირთულ ქუჩებსაც თავისუფლად კვეთენ. სპეციალისტების შეფასებით, ზოგიერთ ევროპულ ქალაქში უკვე არსებობს ტახების პოპულაციები, რომელთა ნაწილი ქალაქის გარემოში დაიბადა და ბუნებრივ ჰაბიტატში საერთოდ არასდროს უცხოვრია.
 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები