LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვცდილობთ, რომ ჩვენ ჩვენი სათქმელი ვთქვათ ქართულ მუსიკალურ სამყაროში…. გვინდა,მსმენელს რაღაც ახალი შევთავაზოთ – ანსამბლი „ახალი ხმები“

247
ახალი-ხმები

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ანსამბლის „ახალი ხმები“ წევრები – ნიკოლოზ მიქელთაძე, გუგა ბარისაშვილი, რევაზ გოგლიძე; ნიკოლოზ ლაშხი, ალექსანდრე მიქელაძე, ილია აბრამია სტუმრობდნენ. გადაცემის სტუმრებმა ანსამბლის შექმნაზე, მათ მუსიკალურ ინტერესებზე, მიმართულებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და მსმენელს კინო-ფილმების პოპური წარუდგინეს.

როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა?

ჩვენი ურთიერთობა ძალიან დიდი ხანია იდგამს ფესვებს, ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ და ცხადია, ამის უკან, ერთად სიმღერის ძალიან დიდი ისტორიაა. სიმღერამ უფრო გაგვაერთიანა. ნაბიჯ-ნაბიჯ მივუყვებით დინებას და ვცდილობთ, რომ ჩვენ ჩვენი სათქმელი ვთქვათ ქართულ მუსიკალურ სამყაროში. ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად გამოგვდის და ბოლომდე გავაგრძელებთ აქტიურ მოღვაწეობას.

რამდენი წელია, რაც ქართულ მუსიკას ემსახურებით, თავად თუ წერთ სიმღერებს ან ქართველ კომპოზიტორებთან თანამშრომლობის სურვილი თუ გაქვთ?

ჯერჯერობით მწერლობის ნიჭი ვერ გამოვავლინეთ. კომპოზიტორებთან თანამშრომლობის ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, მაგრამ პირველ რიგში, სანამ ჩვენ სახელს გავითქვამთ თუ მოვიხვეჭავთ, სანამ კომპოზიტორების ნდობას დავიმსახურებთ, მანამე ვაპირებთ, რომ შევისწავლოთ გალობა და ხალხური სიმღერა, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა და ძალიან გვიყვარს. ანსამბლის რამდენიმე წევრს პირველი შეხება ხალხურ მუსიკასთან უკვე გვქონდა და აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი სიყვარული გვაკავშირებს. გვინდა, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაწილები ჩვენს რეპერტუარში გავაერთიანოთ. „ახალი ხმები“ იმიტომ დავარქვით ანსამბლს, რომ ახალი პროექტი არის. ერთ-ერთ გადაცემაში გვკითხეს, რამე კავშირი ხომ არ გაქვთ, პოლიტიკურ პარტიასთან „ახალი“-ო (იცინის). არანაირ პოლიტიკურ პარტიასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. პარალელს ავლებენ „ქართულ ხმებთანაც“. ეს ძალიან დიდი ამბავია, „ქართული ხმები“ დიდებიც და ახლებიც ძალიან საყვარლები არიან, მაგრამ ეს სხვა ამბავია, სახელწოდება „ახალი ხმები“ წამოვიდა იქიდან, რომ გვინდა,ჩვენს მსმენელს რაღაც ახალი შევთავაზოთ.  ჩვენ ჩვენი, ახალი ხაზი გვინდა დავიჭიროთ.

ვისაუბროთ კინო-ფილმების პოპურზე, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესოა, არის სიახლე, 3 ძველი კინო-ფილმი არის გაერთიანებული. ეს ვერსია თავიდან ბოლომდე ქალბატონ ნუცა ჯანელიძეს ეკუთვნის. სამომავლოდაც, ჩვენი რეპერტუარი ქალბატონ ნუცას მონახაზი და დამსახურება იქნება.

პოპურში შერჩეულია სიმღერები კინო ფილმებიდან „შეხვედრა მთაში“, „უდიპლომო სასიძო“, „წარსული ზაფხული“. მგონი, შევძელით, რომ ქართველი მსმენელისთვის საინტერესო პოპური შეგვეთავაზებინა.

ვიმუშავეთ ქალბატონ მარიკა ქაცარავას და ბატონ ირაკლი ქაცარავას სტუდიაში. ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ ამ სიმღერაში და მგონია, რომ გამოგვივიდა.

ანსამბლის შექმნის იდეა ვის ეკუთვნის?

ეს იდეა ქალბატონ ნუცას და ჩვენ გვეკუთვნის. მანამდე, უბრალოდ იყო სიმღერა და მეგობრობა. ასეთი სერიოზული სახე არ ჰქონდა. როცა წამოვიზარდეთ, მოგვინდა, რომ ამ ყველაფრისთვის უფრო სერიოზული სახე მიგვეცა. შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ხელმძღვანელიც გვეშოვა და ქალბატონ ნუცას დამსახურებით, დღეს უკვე აქ ვართ.

ახალი ხმები – პოპური კინოფილმებიდან

გადაცემის აუდიოჩანაწერი

“ახალი ხმები” – არც მოლოდინი. Live

“ახალი ხმები”. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები