LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვცდილობთ, რომ სევდა, რომელიც შინაგანად გვაწუხებს პოზიტივად დავაკონვერტიროთ… ტექსტად რომ წაიკითხო, შეიძლება აგეტიროს, ისეთ რაღაცებზე ვმღერით“ – რეზო ბლიაძე

494
რეზო-და-ბავშვები

12 აპრილს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ჯგუფის „რეზო და ბავშვები“  წევრები, რეზო ბლიაძე და ლელო ხოტივარი სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერის „დამსთორე მამა“ პრემიერა შედგა. გადაცემის სტუმრებმა სიმღერაზე მუშაობის პროცესზე და იდეაზე ისაუბრეს და დაგეგმილი კონცერტებიც დააანონსეს.

ვისაუბროთ სიმღერაზე „დამსთორე მამა“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება, როგორია მისი ისტორია?

რეზო: ჩვენთან, აივანზე ჩვენი ადმინი, ლიკუნა კაჭარავა დადიოდა ტელეფონით, რაღაც ვიდეოებს იღებდა და სთორავდა. ერთ-ერთი ასეთი აივანზე გამოსვლა იყო, დავინახე, რომ მიღებდა და წავიმღერე სიმღერა – დამსთორე, დამსთორე, დამსთორე მამა. მელოდიაც და იდეაც ეგრევე დაჯდა, უკვე ვიცოდით, როგორი სიმღერა უნდა ყოფილიყო. შემდეგ, დავიწყეთ არანჟირებაზე მუშაობა და ჩავწერეთ და დავაგვირგვინეთ თეთრი ცხენით, ჯეირანი. არანჟირება ლელოს ეკუთვნის.

ვის ეკუთვნის კლიპის იდეა?

რეზო: კლიპის იდეა მე მეკუთვნის. არის მუსიკალური ლაბორატორია, სადაც მზადდება ქართული, ქიმიური მუსიკა. ქართული ქიმიური მუსიკის შემადგენელი ელემენტებისგან არის გაჯერებული ჩვენი გადაღება. დამზადებულია საქართველოში, მაგრამ მხოლოდ ქართული აუდიტორიისთვის გათვლილი პროდუქტი არ არის. პაატა მეიშვილი არის რეჟისორი, ვახია ჩაჩანიძე ოპერატორი, თორნიკე აბდუშელიშვილი – მონტაჟი-გრაფიკა.

სიმღერის ტექსტი და შინაარსი, ალბათ, ყველამ სხვადასხვანაირად გაიგო, რა იდეა დევს მასში?

რეზო: ვეცდები, ცოტა გაუგებრად ვისაუბრო, რომ ცოტა მეტი დრო დასჭირდეთ ადამიანებს, ამის გასაშიფრად, ამოსახსნელად. ჩვენ ყოველთვის ვმღერით იმ სოციალურ მიმდინარე მოვლენებზე, რომელშიც ვიმყოფებით და ამ მოვლენებს სხვადასხვანაირად ავსახავთ ხოლმე. მერე ეს ვიდეორგოლი ან სიმღერა შემორჩება ხოლმე ჩვენს რეალობას და წლები რომ გადის, მერე, ამ ვიდეოზე დაკვირვებით, ადვილია ხოლმე იმის აღქმა, თუ რა ხდებოდა.

ვის ეკუთვნის სიმღერის ტექსტი?

რეზო: მე მეკუთვნის ტექსტიც, მოკლედ, მაგრად მოვინდომე ეს სიმღერა (იცინის). დილის 5 საათზე დავწერე. ტექსტი ძალიან მრავალფეროვანია, უამრავ თემას ეხება. ბევრი საუბრის გარეშე, ყველა მიხვდება, რომ სიმღერა ორაზროვანი ტექსტებით არის გაჯერებული. ჩვენს სათქმელს ვამბობთ. შეიძლება, უშუალოდ რაღაც პოლიტიკურ თუ სოციალურ მოვლენებს არ გამოვეხმაუროთ ხოლმე და არ შევეხოთ და არც ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია… ამას სპეციფიკური ადამიანები აკეთებენ ხოლმე. ჩვენ ვაკეთებთ მოძრავ პროექტს, რომელიც სხვადასხვა დროში უნდა იყოს აღქმადი. 2024 წლის 9 აპრილს დავდეთ სიმღერა, სადაც ტექსტი შემდეგი ფრაზით „თავისუფლების არსი უცვლელი“ მთავრდება და მე ვფიქრობ, რომ ეს ფრაზა იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე ჩვენ დღეს ამ კლიპში რამეს ვუყურებთ. მე უკვე სიამოვნებას მანიჭებს იმის განცდა, რომ თუნდაც, ასაკში რომ ვიქნები, ეს ფრაზა მექნება ნამღერი. ამ ქვეყნის არსი არის თავისუფლებაში, ევროპაში და ამ ქვეყნის მომავალი არის იქ, საიდანაც ევროპა იწყება.

როგორი გამოხმაურება მოჰყვა აღნიშნულ სიმღერას და კლიპს?

რეზო: ძირითადად მოსწონთ. მე მგონი, ჯერ ისე მივდივართ, რომ არ მომწონებელი არ გვყავს. იყო პოზიტივი, რასაც ველოდებოდი. ტექსტად რომ წაიკითხო, შეიძლება აგეტიროს, ისეთ რაღაცებზე ვმღერით. მართლა სევდა და ტრაგედიაა ამდენი ადამიანის ემიგრაციაში ცხოვრება. ხალხს უნდა თავის ქვეყანაში დაბრუნება. მამებს შვილები ენატრებათ და დაბრუნდი მამა ეუბნებიან და ეს ფრაზები ჩვენში მოძრაობს. მე თვითონ ემიგრანტები მყავს ძმაც და დედაც, მამაც იყო. ჩვენ ვცდილობთ, რომ სევდა, რომელიც შინაგანად გვაწუხებს პოზიტივად დავაკონვერტიროთ. ჩვენი დანიშნულება და ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერ მოვლენას პოზიტიურად უნდა შევხედოთ.

ვისაუბროთ დაგეგმილ კონცერტებზე.

რეზო: 11 მაისს გვაქვს კონცერტი „თბილისის ცირკში“. ეს არის კონცერტი ყველასთვის და განსაკუთრებით, პატარებისთვის. ეს იქნება ერთგვარი წარმოდგენა, აქცია „ცირკი ცხოველების გარეშე“. 19 მაისს ბარსელონაში გვაქვს კონცერტი.

რეზო და ბავშვები – დამსთორე მამა

გადაცემის აუდიოჩანაწერი

რეზო და ბავშვები – დამსთორე მამა

რეზო და ბავშვები. ვიდეოკოლაჟი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები