ევროპული და ამერიკული მანქანების სასაფლაო – ასეთ შეფასებას აძლევენ ავტოდილერები საქართველოს საავტომობილო იმპორტის სფეროში არსებულ ვითარებას. 20 წელს გადაშორებული ავტომობილების სიმრავლემ და ჯართად გაყიდული კატალიზატორების პრობლემამ გასულ კვირას თბილსიის მერის ყურადღება მიიქცია. ინფორმაცია საქართველოში ძველი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვაზე კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.
“სრული კატასტროფაა, რაც თბილისში ხდება. დაახლოებით 500 ათასზე მეტი ავტომანქანა გადაადგილდება დედაქალაქში. ყოველწლიურად 7 პროცენტით იზრდება უცხოეთიდან შემოყვანილი ავტომანქანების მაჩვენებელი და მათი 98% ძველია. პირველი, რაც ტექნიკურ ინსპექტირებასთან ერთად უნდა გაკეთდეს, აუცილებლად უნდა ჩაიკეტოს ძველი ავტომანქანების შემოყვანა. ამან შეიძლება გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვიოს, მაგრამ ჩვენ ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ. საქმე ეხება თითოეული ჩვენგანის, ჩვენი შვილების ჯანმრთელობას,” – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ევრო 4 თუ ევრო 5
1990 წელს, ევროპაში მიღებული საავტომობილო კლასიფიკაციის მიხედვით, სტანდარტი ევრო 1 შეესაბამება 1993 წლამდე გამოშვებულ ავტომობილებს, ევრო 2 – 1996 წლამდე წარმოებულს, ევრო 3 – 2000 წლამდე მანქანებს, ევრო 4 – 2005 წლამდე წარმოებულს, ევრო 5 კი, 2010 წლამდე გამოშვებულს.
ევროპის ქვეყნებში დღეისთვის ევრო 5 სტანდარტი მოქმედებს, ( უკრაინაში 2016 წლის იანვრიდან ამოქმედდა) ევრო 4 სტანდარტი მიიღეს ორი წლის წინ მეზობელ აზერბაიჯანში. საქართველოში, დღემდე არცერთი სტანდარტი არ არის დაწესებული ოფიცილურად. ევრო 4 თუ ევრო 5 ? – რომელი კატეგორიის შემოღებას გულისხმობ მერის ინიციტივა, ამ დრომდე არ კონკრეტდება.
ავტოდილერი ალექსანდრე ჯავახიშვილი ევრო 4-ის დაწესების საფუძველს ვერ ხედვას, რადგან მისი თქმით, მას შემდეგ, რაც 2000-დან 2005 წლამდე გამოშვებული ავტომობილების აქციზის გადასახადი მკვეთრად გაიზარდა, ქვეყანაში ევრო 3 და ევრო 4 სტანდარტი ავტომატურად დაწესდა და შემომყვანები 2005 წლამდე მანქანებს თითქმის აღარ ყიდულობენ.
„2005 წლამდე გამოშვებული ავტომობილის აქციზის გადასახადი თითქმის იმდენივეა, რაც ავტომანქანის ღირებულება, შემოყვანის შემთხვევაში, ადგილზე არსებულ ძველ მანქანებს ფასით კონკურენციას ვეღარ უწევს, ევრო 4-ის გამო ვეღარც აზერბაიჯანში გადის და აღარ იყიდება. ბოლო სამი წელია 2005 წელს ქვემოთ მანქანა აღარ შემომიყვანია, ის ძველი მანქანები, რაც დღეს საქართველოში დადის, აქციზის გაზრდამდე შემოყვანილებია,“ –ამბობს „ფორტუნასთან“ ალექსანდრე ჯავახიშვილი.
ძველი, მეორადი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვის ძირითადი საფუძველი მისი არაეკოლოგიურობაა. ამორტიზებული, გაუმართავი ავტომობილებით ბაზრის გაჯერებამ გარემოზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ხელმძღვანელის ეკა ლალიაშვილის ინფორმაციით, საერთაშორისო მონაცემებით, ჰაერის დაბინძურების 71 პროცენტი ავტომანქანების ემისიებზე მოდის, მავნე გამონაფრქვევი კი, როგორც წესი, ძველ ავტომობილებს ახასიათებთ.
„საქართველოს ავტოპარკის 91% 10 წელს გადაცილებული ავტომანქანებია, რომლის გამონაფრქვევიც საზიანოა ადამინის ჯანმრთელობისთვის. სტატისტიკის მიხედვით, ჩვენთან მხოლოდ 3 პროცენტია 6 წლამდე ავტომობილი, მთლიანი ავტოპარკის 48 პროცენტი კი, 20 წელს გადაცილებულია. თუ ქვეყანას უნდა ავტოპარკის განახლება და გვსურს არა თუ 10 წელს გადაცილებული ავტომობილები, არამედ უფრო ჯანსაღი ავტოპარკი გვყავდეს, შესაბამისი ასაკობრივი რეგულაციები უნდა დაწესდეს,“ – ამბობს ეკა ლალიაშვილი „ფორტუნასთან“.
ავტოდილერები და საავტომობილო სფეროს სპეციალისტები, ძველი მანქანების შემოყვანის შეზღუდვის პარალელურად, ჰიბრიდული და ახალი ავტომობილების იმპორტის წახალისების აუცილებლობაზე საუბრობენ. მაგალითად, 2011 წელს გამოშვებული 1.5 ძრავიანი ჰიბრიდის აქციზის გადასახადი 1200 ლარს შედაგენს. მაღალია 5 წლამდე ავტომობილებზე გადასახადიც. სააქციზო მოსაკრებლის დაწევის პარალელურად, ქვეყანაში ჰიბრიდი და ელექტრო ავტომობილებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურაც არ არის მზად. შედარებით მაღალი ფასის მიუხედავად, ხშირად ელექტროავტომობილის ყიდვაზე არასაკმარისი ინფრასტრუქტურის გამოც ამბობენ მყიდველები უარს.
მანქანების სასაფლაო – სპეცილიტები მანქანების უტილიზაციის აუცილებლობაზე საუბრობენ
იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ავტოპარკის 48% 20 წელს გადაშორებული ავტომობილებია, იმპორტის შეზღუდვის და ტექინსპექტირების მიუხედავად, ავტოპარკიდან მათ ამოღებას წლები დასჭირდება. სპეცილაისტების მოსაზრებით, ძველი ავტომობილების ამოღების პროცესს უტილიზაციის პროგრამა დააჩქარებს. იმ შემთხვევაში თუ მფლობელი ჯართად ქცეული მანქანის ჩაბარებისას, სხვადსხვა ტიპის წახალისებას მიიღებს, ძველ ავტომობილთან გამომშვიდობება შედარებით მარტივი და უმტკივნეულო იქნება.
უკრაინის მსგავსად, საქართველოში ევრო 5 სტანდარტის დაწესების შემთხვევაში, ქვეყანაში 2010 წლამდე ავტომობილების შემოყვანა იქნება შეზღუდული, ახალი ავტომობილების ფასი კი ბინებრივია, ძველთან შედარებით მაღალია ავტომობილის ბრენდის, კლასის თუ ძრავის შესაბამისად. როგორც სატრანსპორტო სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რეფორმა მტკივნეული რომ არ იყოს, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა აუცილებელი. ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა გარემო არის, როგორც სახელმწიფოს, ასევე ყველა მოქალაქის არჩევანი და ამ პროცესში თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაიაზროს, რა ზიანს აყენებს ძველი ავტომობილი მათ ჯანმრთელობას.
თამუნა გოგუაძე