2025 წლის Nikon Comedy Wildlife Photography Awards-ის გამარჯვებული უსაყვარლესი პატარა გორილას ფოტო გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია კონკურსის ვებგვერდზე გავრცელდა.
წლის ყველაზე სასაცილო კადრი ბრიტანელმა ფოტოგრაფმა მარკ მეტ კოენმა გადაიღო. იგი კოლეგებთან ერთად რუანდაში, ვირუნგის მთებში მოგზაურობდა გორილების გადასაღებად. ერთ-ერთი გადაღების დროს ისინი გორილების ოჯახს გადააწყდნენ.
„ისინი მინდორზე ჩამოსხდნენ – ზრდასრულები მშვიდად აგროვებდნენ საკვებს, ხოლო პატარები თამაშობდნენ. ერთ-ერთ მათგანი აშკარად თავის გამოჩენას ცდილობდა, აკრობატულ ილეთებს აკეთებდა, თავზე ტრიალებდა და ა.შ.“ – ასე აღწერს გამარჯვებული კადრის ავტორი მისი გადაღების ისტორიას.

ფოტოგრაფის თქმით, ამ გარემოში პრიმატების დაკვირვება უდიდესი სიამოვნება იყო, და მან ფოტოთი პატარა გორილას ხასიათის გადმოცემა შეძლო.
აღსანიშნავია, რომ წელს ჟიურისთვის წარდგენილი იყო 10 000-ზე მეტი ფოტო 109 ქვეყნიდან, რაც კონკურსის არსებობის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
