ჩინეთიდან კომპიუტერული ჩიპების მიწოდების პრობლემების გამო, გერმანული ავტო გიგანტი Volkswagen-ი 29 ოქტომბრიდან ქალაქ ვოლფსბურგში მდებარე თავის მთავარ ქარხანაში წარმოების დროებით შეჩერებას გეგმავს. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, შეფერხება შეეხება არა მხოლოდ Golf-ს, არამედ, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე მოდელს, მათ შორის Tiguan-ს, Touran-ს და Tayron-ს.
კომპანია გეგმავს, რომ დროებითი წარმოების შეჩერების პარალელურად, მოკლევადიანი სამუშაო გრაფიკი აამოქმედოს. თავდაპირველად ეს ცვლილება რამდენიმე ათას თანამშრომელს შეეხება, მოგვიანებით კი – შესაძლოა ათიათასობით დასაქმებულიც მოიცვას.
Volkswagen-ის განცხადებით, კომპანიამ თანამშრომლები და საზოგადოება უკვე გააფრთხილა, რომ ნახევარ-გამტარების მწარმოებელ ჩინურ კომპანიასა და ნიდერლანდურ Nexperia-ს გარშემო არსებულმა დავამ შესაძლოა წარმოების დროებით შეფერხება გამოიწვიოს. სწორედ Nexperia აწვდის Volkswagen-ს კომპიუტერულ ჩიპებს.
თუმცა, კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ Golf-ისა და Tiguan-ის წარმოების შეჩერება უკვე დაგეგმილი იყო და პირდაპირ არ უკავშირდებოდა Nexperia-ს საქმეს. ამავდროულად, Volkswagen-ი დაუკავშირდა დასაქმების სააგენტოს, რათა თანამშრომლების ნაწილისთვის მოკლევადიანი სამუშაო გრაფიკი შეეთავაზებინა. გავრცელებული ინფორმაციით, წარმოებისთვის საჭირო მასალა შესაძლოა მომავალ კვირაში ამოიწუროს.