Volkswagen-მა დაადასტურა, რომ მისი ორი ახალი ელექტრომობილის – ID.Golf და ID.Roc – დებიუტი გადაიდება. გერმანული ავტოგიგანტი აქტიურად აფართოებს „ელემენტიანების“ ხაზს და წარადგენს კონცეპტებს, როგორიცაა ID.Cross, თუმცა, როგორც გერმანული გაზეთი Handelsblatt წერს, ზოგიერთი მათგანი დაგეგმილ ვადებში კონვეიერზე ვერ მოხვდება.
ინსაიდერთა ინფორმაციით, კომპანიას წარმოებაში სირთულეები შეექმნა, მოთხოვნა შემცირდა, ხარჯები კი იზრდება. შედეგად, როგორც ID.Golf, ისე ID.Roc არ იქნება წარმოდგენილი ამ ათწლეულში და მათი დებიუტი ყველაზე ადრე 2030 წელს იგეგმება.
კომპანია თავდაპირველად გეგმავდა, რომ Golf-ის წარმოება ვოლფსბურგიდან მექსიკაში გადაეტანა, რათა გერმანულ ქარხანაში ახალი SSP პლატფორმაზე დაფუძნებული ელექტრომობილებისთვის – მათ შორის ID.Roc-ისთვის – ადგილი გათავისუფლებულიყო. გეგმების მიხედვით, ეს პროცესი 2027 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა შეფერხებამ წარმოების დაწყება 2028 წლამდე გადაავადა.
ფინანსური პრობლემები, როგორც ჩანს, მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორია. წყაროს თქმით, Volkswagen-მა „სრულიად გადააფასა საკუთარი შესაძლებლობები“: გაყიდვები იზრდება, თუმცა არა იმ მასშტაბით, როგორსაც კომპანია ელოდა, მიუხედავად ელექტრომობილების წარმოებაში ჩადებული უზარმაზარი ინვესტიციებისა.