აშშ-ში Waymo-მ უპილოტო ტაქსი სავარაუდო ქურდს გაქცევაში დაეხმარა. როგორც გამოცემა San Francisco Chronicle წერს, პოლიციამ გამოძიების ფარგლებში კომპანიისგან ვიდეოჩანაწერები მოითხოვა, თუმცა მოთხოვნის გაგზავნის მომენტისთვის ისინი უკვე წაშლილი იყო.
ინციდენტი წლის დასაწყისში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, უცნობი პირი Waymo-ს უპილოტო ტაქსით იოგის სტუდიასთან მივიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ შენობიდან დიდი რაოდენობით მოპარული ტანსაცმლით გამოვიდა, ნივთები ავტომობილის საბარგულში ჩადო და ტერიტორია დატოვა.
სტუდიის სათვალთვალო კამერებმა ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება ვერ შეძლეს. ამის შემდეგ სამართალდამცველებმა Waymo-სგან ავტომობილის შიდა და გარე კამერების ჩანაწერები მოითხოვეს.
თუმცა პრობლემა ის აღმოჩნდა, რომ მოთხოვნა შემთხვევიდან დაახლოებით სამი თვის შემდეგ გაიგზავნა. ამ დროისთვის რობოტაქსის 29-ვე კამერის ჩანაწერი კომპანიის მონაცემთა შენახვის პოლიტიკის შესაბამისად უკვე წაშლილი იყო.

გამოძიებისთვის დამატებითი სირთულე ისიც გახდა, რომ მაშინაც კი, თუ ჩანაწერები შენარჩუნებული იქნებოდა, ეჭვმიტანილის ამოცნობა შესაძლოა შეუძლებელი ყოფილიყო. პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით Waymo ვიდეო მასალებში ადამიანების სახეებს ავტომატურად ბლარავს.
ვერ დაეხმარა პოლიციას მგზავრის ანგარიშის მონაცემებიც. გამოძიებამ დაადგინა, რომ ტაქსის შეკვეთისთვის გამოყენებული ანგარიში ყალბ პირადობაზე იყო რეგისტრირებული.
მედიის ცნობით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აშშ-ში დამნაშავეები რობოტაქსებს დანაშაულის ჩასადენად ან დანაშაულის შემდეგ გადაადგილებისთვის იყენებენ. შემთხვევამ კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაბალანსდეს პერსონალური მონაცემების დაცვა და სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობა, მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი დანაშაულები გამოიძიონ.