რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წერეთელი-მირზოევკა-მუღანლო-ქესალოს საავტომობილო გზის 8,9 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულების სტადიაშია.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს, აღნიშნული გზა ერთმანეთთან აკავშირებს მარნეულსა და მის მიმდებარე სოფლებს: დიდ მუღანლოს, ლეჟბადინსა და ქესალოს.
უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი; მოწესრიგდა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები; მოეწყო: ადგილობრივ გზებთან მიერთებები, კიუვეტები, საორიენტაციო ბოძკინტები, დამცავი პარაპეტები და საგზაო ნიშნები. ამ დროისათვის, მიმდინარეობს ბეტონის ღია ღარების მოწყობა.
“სარეაბილიტაციო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი თითქმის არ იყო შემორჩენილი. გარკვეული მონაკვეთები კი ისე იყო ამორტიზებული, რომ გზის სავალ ნაწილზე ზედაპირული წყლები მიედინებოდა. ქვემო ქართლის აღნიშნული დასახლებული პუნქტები უხვი მოსავლით გამოირჩევა და როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გადასაზიდად, ასევე, სხვა კომუნიკაციისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს აღნიშნული გზის ტექნიკურ მდგომარეობას”, – ნათქვამია განცხადებაში.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ 750 000 ათასი ლარია.