წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ადამიანიდან ადამიანს ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა საუბრისას, დახველებისას ან დაცემინებისას ცხვირიდან და პირიდან გამოფრქვეული ნაწილაკების სახით. აუცილებელია, რომ წითელას მქონე ადამიანთან დისტანცია დავიცვათ, რათა ინფიცირების რისკი შემცირდეს. წითელა საკმაოდ გადამდებია, ანუ იგი მარტივად ვრცელდება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში. ყველაზე მეტად ეს საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ხდება, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში. მესამე პირის მიერ დაავადების გადატანის შანსი კი ძალიან მცირეა. წითელა დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში ეტაპობრივად ვლინდება. ძირითადი სიმპტომებია: სხეულის მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა, რინიტი, ცემინება, სურდო, კონიუნქტივიტი, ლოყის ლორწოვან გარსზე მონაცრისფრო-თეთრი შეფერილობის ნადები და სასაზე წითელი უსწორმასწორო ლაქები. გამონაყარი ჯერ შუბლზე, ყურის უკანა არეში, ცხვირსა და ლოყებზე ჩნდება, შემდეგ კი ვრცელდება:კისერზე, გულ-მკერდზე, ზურგზე, მუცელზე, ხელებზე, ფეხებზე, ტერფებზე. ბოლო ფაზა უკვე გამოჯანმრთელებაა, რასაც საშუალოდ 5 დღის განმავლობაში ხელ-ფეხის გულების გარდა სხეულის სხვა ნაწილებში კანის აქერცვლა ახასიათებს.
ყველაზე მეტად წითელა ახალშობილებს და 1 წლამდე ასაკის პატარებს ხვდება, რომლებშიც ინფექცია უფრო მძიმე ფორმით მიმდინარეობს ხოლმე. ამის მიუხედავად, შედარებით იშვიათად წითელა დიდებშიც იჩენს თავს, თუკი მათ დაავადება ადრე არ გადაუტანიათ და აცრილებიც არ არიან. გამონაყარი ჩნდება — პირველ ეტაპზე სხეულის ზედა ნაწილში, შემდეგ კი ქვემოთ.
ამას წინ ინკუბაციის პერიოდი უსწრებს. წითელას ინკუბაციის პერიოდი დაახლოებით 10-14 დღეა, მაგრამ ზოგჯერ 20-21 დღემდე გრძელდება. ეს ნიშნავს, რომ ვირუსიან ბავშვს დაავადებულთან კონტაქტის შემდეგ 1 კვირაზე მეტხანს არაფერი აწუხებს.
რაც შეეხება წითელას პრევენციას, რა თქმა უნდა, ამის ერთადერთი ეფექტიანი საშუალება დროული ვაქცინაციაა. იმუნიზაციის შედეგად სხეულში ვირუსის წინააღმდეგ ანტისხეულები წარმოიქმნება, რომლებიც პათოგენს ორგანიზმის ინფიცირების საშუალებას აღარ აძლევს. საქართველოში წითელა/წითურა/ყბაყურას აცრა ბავშვს 1 და 5 წლის ასაკში უტარდება, მაგრამ თუ დოზა გამოტოვებულია, მეორედ ვაქცინაცია ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.