ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, დაბალბიუჯეტიანი ავიკომპანია Wizz Air დღეს დაჯავშნულ ყველა რეისზე 20%-იან ფასდაკლებას აცხადებს. შეთავაზება მხოლოდ 13 მარტს, ღამის 12 საათამდეა ხელმისაწვდომი. რაც შეეხება მოგზაურობის პერიოდის, ავიაკომპანიის ინფორმაციით, ის შეზღუდულია და მაქსიმუმ 2018 წლის 31 მაისამდე პერიოდს მოიცავს.
როგორც Wizz Air-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ნათქვამი, დღეიდან კომპანია ქსელის ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას იწყებს და სწორედ ამას უკავშირდება დღევანდელი ფასდაკლების აქციაც.
კომპანიის ინფორმაციითვე, უახლოესი 17 კვირის განმავლობაში Wizz Air-ის ევროპის ბაზებზე საერთო ჯამში 21 თვითმფრინავი განთავსდება, რაც 700 დამატებითი ყოველკვირეული რეისისა და 70 ახალი სერვისის განხორციელებას შეუწყობს ხელს. ოთხი ახალი მიმართულებით – ათენი, ტალინი, ხარკოვი და ვენა – რეისები ივლისის შუა რიცხვებში დაიწყება. ამასთან, ავსტრიის დედაქალაქში დასავლეთ ევროპის ახალი ბაზაც გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ Wizz Air 2018 წლის გაფართოებას მიმდინარე კვირას ბუდაპეშტიდან დაიწყებს, სადაც ახალი ეარბას A320 ტიპის რიგით მეთერთმეტე ბაზირებული თვითმფრინავი დაემატება.