LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყივანახველა

108
ყივანახველა

ყივანახველა მწვავე ინფექციური დაავადება. უმეტესად ბავშვებშია გავრცელებული და სწრაფად და მარტივად გადამდებია. თუმცა შესაძლოა, ზრდასრულებშიც შეგვხვდეს. დაავადება მიმდინარეობს სპაზმური, გახანგრძლივებული ხველებით.

ინფექცია ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება და მისი საინკუბაციო პერიოდი 3-დან 14 დღემდე მერყეობს. ყივანახველას სიმპტომებია: სურდო, მსუბუქი ცხელება და ხველა. 1-2 კვირის შემდეგ კი ეს სიმპტომები ძლიერდება და ხშირ შემთხვევაში იწყება შეტევითი, სპაზმური ხველა, რომელსაც ყივილის მსგავსი ხმიანობა ახასიათებს. ხველას ხშირად თან სდევს ღებინება.

ყივანახველას დიაგნოსტიკისთვის ყველაზე ეფექტიანი ლაბორატორიული ანალიზებია. მათ შორის ტარდება ნაზოფარინგეალური ნაცხის ტესტი.

ყივანახველა ჩვილებისთვის განსაკუთრებით საშიშია, თუმცა უფრო მაღალი ასაკის ბავშვები, რომლებსაც დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა აქვთ გაკეთებული, შედარებით მსუბუქ სიმპტომებს განიცდიან. დაავადების გართულების განსაკუთრებით მაღალი რისკი ახალშობილებსა და ერთ წლამდე ბავშვებშია. მათში ყივანახველამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, გაუწყლოება, კრუნჩხვები ან ტვინის დაზიანება.

ყივანახველას დროს დეჰიდრატაციასთან ბრძოლა განსაკუთრებით საჭიროა მაშინ, თუ ხველასთან ერთად ღებინებაც აღინიშნება. ამასთან, ყივანახველას დროს უნდა მოერიდეთ კვამლს, მტვერს და სხვა რესპირატორულ გამღიზიანებელს, რამაც შეიძლება ხველის გაუარესებას შეუწყოს ხელი. დაავადების პრევენციის საუკეთესო გზა იმუნიზაციაა. ამისთვის პატარებში დიფთერიის, ტეტანუსის და ყივანახველას ვაქცინას ერთად აკეთებენ. ყივანახველას აცრა ჩვილებში იმუნიზაციის რეკომენდებული სქემის მიხედვით უნდა ჩატარდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები