LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველი მეხუთე ევროპელი ხმაურის დაბინძურებისგან იტანჯება – კვლევა

109
Screenshot 2025-07-13 150216

ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (EEA) ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის მოსახლეობის 20%-ზე მეტი ტრანსპორტით გამოწვეული ხმაურის მავნე ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ხოლო თუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) უფრო მკაცრ სტანდარტებს გავითვალისწინებთ, ეს მაჩვენებელი 30%-ს აღწევს, წერს eea.europa.

სააგენტოს მონაცემებით, ხმაურის ძირითადი წყარო საავტომობილო გზებია – მათგან გამოწვეული ხმაურისგან დაახლოებით 92 მილიონი ადამიანი იტანჯება. რკინიგზის ხმაური გავლენას ახდენს 18 მილიონზე, ხოლო ავიაციის – 2,6 მილიონზე მეტ ევროკავშირის მცხოვრებზე.

EEA ტრანსპორტის ხმაურს ჯანმრთელობის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ფაქტორად მიიჩნევს – ის მხოლოდ ჰაერის დაბინძურებასა და ექსტრემალურ ტემპერატურას ჩამოუვარდება. სააგენტოს შეფასებით, ხმაურის ქრონიკული ზემოქმედების გამო ევროპაში ყოველწლიურად 66,000-მდე ნაადრევი სიკვდილიანობა ფიქსირდება, 50,000 – გულ-სისხლძარღვთა დაავადების შემთხვევა და 22,000 – დიაბეტის დიაგნოზი.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ დაახლოებით 17 მილიონი ევროპელი მუდმივ გაღიზიანებას განიცდის ხმაურის გამო, ხოლო 4.6 მილიონს ძილის პრობლემები აქვს. ხმაური ასევე უკავშირდება დეპრესიისა და დემენციის განვითარებას.

მკაფიოდ გამოყოფილია ბავშვების განსაკუთრებით მაღალი მგრძნობელობა: EEA-ს მონაცემებით, 500,000-ზე მეტ ბავშვს ტრანსპორტის ხმაურის გამო სწავლის პროცესში სირთულეები უჩნდება, ხოლო 63,000-ს – ქცევითი პრობლემები. ხმაური ასევე ხელს უწყობს 272,000 ბავშვის შემთხვევაში ჭარბი წონის განვითარებას.

ევროკავშირის ქვეყნები ხმაურის დონის შესამცირებლად სხვადასხვა ზომებს მიმართავენ, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. ყველაზე გავრცელებული ქმედებებია:

– ქვაფენილის ასფალტით ჩანაცვლება.
– ცენტრალურ უბნებში სიჩქარის ლიმიტის 30 კმ/სთ-მდე შეზღუდვა.
– ღამის ფრენების გაუქმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები