ყველა სამეგობროს ჰყავს მინიმუმ ერთი წევრი, რომელიც ყოველთვის ყველგან აგვიანებს. შესაძლოა ეს ადამიანი თქვენც იყოთ. და მაინც, რატომ ებრძვის ზოგიერთი ადამიანი თავის პუნქტუალურობას ასე ძალიან?
როგორც 2014 წლის კვლევა აჩვენებს, ყოველი მეხუთე გამოკითხული სამსახურში კვირაში ერთხელ მაინც აგვიანებდა. თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც ეს პრობლემა ყოველ დღიურად აქვს და თავს ვერაფერს უხერხებს.
ამერიკელმა მწერალმა გრეის ფეისმა ამ თემას წიგნიც კი მიუძღვნა და მას სახელად „late“ – ანუ „დაგვიანებული“ დაარქვა. ავტორმა ნაწარმოებში პუნქტუალობასთან ბრძოლის საკუთარი მაგალითი განიხილა. სპეციალისტის აზრით, ადამიანის ორი ტიპი არსებობს. ერთი რომელიც ყოველთვის ყველგან დროულად მიდის და დროის კონტროლი არ უჭირს. და მეორე – ისინი, ვინც დროის საზღვრებს გარეთ არიან გასულები.
ამ უკანასკნელებს არ უყვართ რუტინა. არ მოსწონთ ერთი და იგივე დავალებების კეთება, რადგან ეს ყველაფერი ძალიან ადვილად ჰბეზრდებათ. თუმცა, თუკი რამე მართლა აინტერესებთ, ფოკუსირება არ უჭირთ. როცა დრო შეზღუდულია, ბევრად ნაყოფიერადაც შეუძლიათ მუშაობა.
თუკი ნებისმიერ ოფისში შეხვალთ, ამ ტიპის თანამშრომლის პოვნა არ გაგიჭირდებათ. ის იქნება ადამიანი არეული მაგიდით, რადგან ახალ საქმეს ისე იწყებს, რომ ძველს არ ასრულებს.
ამ ადამიანებს დროის მნიშვნელობა სულ სხვანაირად ესმით. მათთვის ყოველი წუთი ერთნაირი ხანგრძლივობის არ არის. დრო შეიძლება აჩქარდეს ან პირიქით – შენელდეს. თუკი რაიმეს დიდი ინტერესით აკეთებენ – შესაძლოა, დროის შეგრძნება საერთოდ დაკარგონ. მეორეს მხრივ, თუკი დედლაინი აქვთ, შეიძლება ძალიან ეფექტურადაც იმუშაონ.
ვაშინგტონის უნივერსიტეტმა 2016 წელს ამ თემაზე კვლევა ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ დაგვიანების მოყვარულები სინამდვილეში ყოველთვის როდი აგვიანებენ, ისინი დროულები არიან მაშინ როცა ეს მნიშვნელოვანია. მათ დედლაინები სჭირდებათ იმისთვის, რომ მაქსიმალურად სერიოზულად მიუდგნენ საქმეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოუგვარებელი პრობლემა და შეუცვლელი ქცევა არ არსებობს, ქცევის კორექცია შესაძლებელია და ამისთვის მხოლოდ სურვილია საჭირო.