ყველაზე დიდი ავიალაინერი აფრენიდან რამდენიმე წუთში უკან დააბრუნეს. ავსტრალიური ავიაკომპანიის Qantas-ის პილოტმა აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მგზავრთა საჩივრების შემდეგ მიიღო. საქმე ისაა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ლაინერის A380-ის კარი უცნაურ ხმას გამოსცემდა, რამაც ბორტზე მყოფები ძალიან შეაშინა. როგორც მგზავრები იხსენებენ, კარები თითქოს უსტვენდა და მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავში წნევა არ დავარდნილა, კაპიტანმა სიფრთხილის გამოჩენა გადაწყვიტა. ის საფრენ ბილიკს დაუბრუნდა და ხომალდის შემოწმება სპეციალისტებს მიანდო. მგზავრებს კი რეისის განახლებამდე რამდენიმე საათით მოცდა მოუხდათ.