ბოსტონში აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების ლიდერები შეხვდნენ. მთავარი მოვლენები მატჩის მიწურულს განვითარდა. მეოთხე პერიოდი დასასრულისკენ მიდიოდა, როდესაც ბოსტონელები ერთ ქულას (86:85) იგებდნენ. ორივე გუნდის კალათბურთელებმა რამდენიმე შეტევა გააფუჭეს. წუთითა და 21 წამით ადრე კლეი ტომპსონმა სამიანი ჩააგდო და ოკლენდელები 88:86 დააწინაურა, მაგრამ იქვე კაირი ირვინგზე დაჯარიმდა და ანგარიშიც გათანაბრდა. ფინიშამდე 14 წამით ადრე კი კვლავ ირვინგმა იყოჩაღა, ისევ ორი საჯარიმო ტყორცნის უფლება მოიპოვა და “სელტიკსი” წინ გაიყვანა 90:88. წუთშესვენების შემდეგ კევინ დურანტმა ორქულიანით სცადა ანგარიშის გაყაიმება, თუმცა, მცდელობა წარუმატებლად. მასპინძელთა მომდევნო შეტევისას საჯარიმოს ხაზზე უკვე ბოსტონელი ჯეისონ ტატუმი დადგა და ორივე მცდელობა შედეგიანი გამოუვიდა – 92:88. მატჩის დასრულებამდე 6 წამი რჩებოდა. მიუხედავად მცირე დროისა, სტეფ კარიმ და კლეი ტომპსონმა სამქულიანების სროლა მოასწრეს, მაგრამ ორივემ ააცილა. ზედიზედ 7 მოგების შემდეგ “გოლდენ სტეიტი” დამარცხდა, “ბოსტონმა” კი ზედიზედ მეთოთხმეტედ მოიგო.
სასიხარულოა, რომ “გოლდენ სტეიტის” შემადგენლობაში ყველაზე მაღალი (+16) ეფექტიანობის კოეფიციენტი ქართველ ცენტრ ზაზა ფაჩულიას ჰქონდა. სასტარტოში მყოფმა ფაჩულიამ 18 წუთში 6 ქულა (ოთხიდან სამი ორქულიანი ჩააგდო), 6 მოხსნა (ერთი შეტევისას) და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
მომდევნო შეხვედრას “გოლდენ სტეიტი” 19 ნოემბერს ფილადელფიაში “სიქსერზის” წინააღმდეგ ჩაატარებს.