სამმატჩიანი საგარეო ტურნეს შემდეგ ნბა-ს ჩემპიონი “გოლდენ სტეიტ უორიორზი” ზედიზედ ამდენივე რაოდენობის საშინაო პაექრობას საკუთარ Oracle Arena-ზე ჩაატარებს. დღეს დილით ოკლენდელები კანადელ სტუმარს, “ტორონტო რეპტორზს” დაუხვდნენ და “რეპტილიების” დამარცხება ძალიან გაუჭირდათ. “მეომრებმა” მეტოქეს მოგება ხელიდან მატჩის მიწურულს გამოგლიჯეს. დასკვნითი 2 წუთის განმავლობაში ტორონტოელებმა ქულის გაკეთება ვერ მოახერხეს, ბოლო წუთის განმავლობაში კი კევინ დურანტმა და სტეფ კარიმ სამქულიანები ჩააგდეს და “გოლდენ სტეიტს” 117:112 მოაგებინეს.
სასტარტოში მყოფმა ზაზა ფაჩულიამ პარკეტზე 14 სათამაშო წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა სამი ორქულიანიდან ერთი, ორი ჯარიმიდან ერთი ჩააგდო და 3 ქულას 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა მიამატა.
“გოლდენ სტეიტს” 5 შეხვედრიდან 3 მოგება აქვს, მომდევნო მატჩში კი შინ “ვაშინგტონ ვიზარდსთან” შაბათ დილით გამართავს.