„გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ ნბა-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო. ოკლენდელებმა „მაიამი ჰითს“ უმასპინძლეს და 17 ქულის სხვაობით – 97:80 დაამარცხეს.
ქართველი ცენტრი, ზაზა ფაჩულია, გოლდენსტეიტელთა სასტარტო ხუთულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 11 წუთი გაატარა, რის კვალობაზეც საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა. ფაჩულიამ 4 ქულა, 3 მოხსნა და ოკლენდელთაგან უმეტესი 3 ჩაჭრა მიითვალა. ზაზამ 4-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
გამარჯვებულ გოლდენსტეიტელებს 21 ქულით, 8 მოხსნითა და 6 პასით კევინ დიურანტმა ულიდერა. 18 ქულა და 9 მოხსნა დრეიმონდ გრინის ანგარიშზე დაგროვდა. სტეფ კარი 16 ქულას დასჯერდა.
8 მოგებითა და 3 მარცხით „გოლდენ სტეიტი“ „ჰიუსტონთან“ ერთად დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. შემდეგ შეხვედრას ფაჩულიას გუნდი კვლავ შინ, „მინესოტასთან“ გამართავს.