ზურა ხაჩიძე „ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს სტატუსს, საიდანაც ჩანს, რომ მომღერლის გარდაცვალების შესახებ ჭორი გავრცელდა, რის გამოც მან უამრავი ზარი და შეტყობინება მიიღო.
„ვინ ავრცელებს ჭორებს, არ ვიცი, ან რა ხუმრობაა ადამიანის სიკვდილზე ჭორების გავრცელება! დაწყნარდით, ჯერ არ მოვმკვდარვარ და თქვენ ჯინაზე არც ახლო მომავალში ვაპირებ სიკვდილს… თუ ესემესები, თუ ზარები, გავგიჟდი, ეს რა ქვეყანააა… საგენტოებო დაგერევით და თქვენს შუბას დავხევ, იცოდეთ…“ – წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ცნობილი ადამიანების გარდაცვალების შესახებ ამბები ვრცელდება. დაახლოებით ათი წლის წინ ყველა ჟურნალისტმა, რომელიც შოუბიზნესსა და მოდას აშუქებდა, მიიღო ესემესი იმის შესახებ, რომ მაკა ასათიანი გარდაიცვალა, რომელიც სრულიად საღ-სალამათი გახლდათ და მორიგი ჩვენებისთვის ემზადებოდა. მაშინ გაურკვეველი დარჩა, ეს პიარის ნაწილი იყო, თუ ვიღაცამ ბოროტად იხუმრა…
ტელეფონებიდან ასეთმა „სიახლეებმა“, ინტერნეტსივრცეში გადაინაცვლა. როგორც ჩანს, ბევრი ინტერნეტგვერდი ამგვარი მოგონილი ნიუსებით ცდილობს რეიტინგის აწევას.