ავსტრალიაში, სიდნეის მკვიდრმა ქალბატონმა 100 წლის იუბილე იზეიმა და თავისი ხანგრძლივი ცხოვრების რამდენიმე საიდუმლო გაამხილა. ამის შესახებ Daily Mail წერს.
ბეტი ბუდჰემსმა დაბადების დღე ყვავილების მაღაზიაში აღნიშნა, სადაც თავისი ბაღისთვის მცენარეებიც აარჩია. ხანგრძლივი სიცოცხლისთვის ავსტრალიელი ყველას ურჩევს, რომ ბედნიერების შეგრძნება არასდროს დაკარგონ, მაშინაც კი როცა ცხოვრება ამის ფუფუნებას არ გვაძლევს. ხანდაზმულის თქმით, ყველაფერში შეიძლება დადებითის პოვნა. „ვახშამზე ჭიქა ღვინით მოდუნება ან მეგობრებთან ერთად შამპანურით ტკბობა ყველა სიტუაციას შველის“.

არ ღირს ნეგატიურ მოვლენებზე აქცენტირება და უმჯობესია ყოველთვის აქტიური ცხოვრების სტილის არჩევა. ბეტი არ იცავს რაიმე სახის დიეტას. თუმცა, ის ყოველთვის ცდილობს ზომიერების დაცვას და საყვარელ შოკოლადთან ერთად ხილისა და ბოსტნეულის მირთმევაც არ ავიწყდება. კარგი ვიზუალის ერთ-ერთ საიდუმლოდ ქალი მზის ქუდის ტარებას ასახელებს. ეს ქუდები მის კანს მზის მავნე გამოსხივებისგან იცავენ და დაბერების პროცესსაც ანელებენ.
ავსტრალიელი დარწმუნებულია, რომ ადამიანები სიბერეს არასწორად აღიქვამენ. ცხოვრება მოსაწყენი და ზედმეტად მშვიდი არა ასაკის, არამედ ადამიანის სურვილის გამო ხდება. არადა, მნიშვნელოვანია ყოველი დღით ტკბობა.
