რადიო „არ დაიდარდოს“ ჯგუფ „ურსას“ სოლისტი – გიორგი ძოწენიძე სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „ჩემი გული“ პრემიერა შედგა.
გიორგი, რამდენი წელია, რაც ჯგუფი „ურსა“ შეიქმნა?
ჩვენი ჯგუფი 2009 წელს შეიქმნა, უფრო სტუდენტური ხასიათის ჯგუფი იყო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ცეცხლი და ნაპერწკალი თავიდანვე ეტყობოდა ამ ჯგუფს.
კარიერის დასაწყისში დიდი პოპულარობა მოგიტანათ სიმღერამ „ატმის ხეები რომ იყვავილებს“…
საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ჩვენს ცხოვრებაში 4-5-ჯერ იყო ისეთი მომენტი, რომ პოპულარულები გავხდით და მერე, ისევ ყველას დავავიწყდით, ხალხი რომ გვცნობდა ქუჩაში და მერე, საერთოდ ვეღარავინ გვცნობდა. ასე ვთქვათ, ეკალ-ვარდებით დატვირთული გზა გვაქვს გავლილი.
აღსანიშნავია, რომ სწორ მიზანს მიაგენით და ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, იმდენად აქტიურად მუშაობთ, რომ ეს ჩავარდნა აღარ ყოფილა და ჰიტს ჰიტი მიჰყვა.
კი. ზოგადად, დიდ გათვლებს ვერიდებით ხოლმე და არ ვაკეთებთ. ბუნებრივია, პრაქტიკიდან გამომდინარე, გვაქვს შეგრძნება, სიმღერა გაჰიტდება თუ არა. რაღაცნაირად, გულს და სულს ვდებთ ხოლმე ნამუშევარში და თუ ვინმეს მოეწონება, ეს ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა.
როგორ მიიღე „საქართველოს ხმის“ ჟიურის წევრობის შეთავაზება, როგორი შეგრძნებაა, როცა, კონკრეტულ მომენტში, შენს სიტყვაზეა დამოკიდებული ადამიანის კარიერა?
ეს შემოთავაზება ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევა იყო. შემოთავაზებაზე საკმაოდ დავფიქრდი, რადგან ისეთ დიდ მუსიკოსებთან ერთად უნდა ვყოფილიყავი, როგორებიც რუსა მორჩილაძე, დათო ფორჩხიძე არიან. მადლობა ღმერთს, რომ აღმოვჩნდი იმ მოწოდების სიმაღლეზე, რომ ობიექტურად, ადეკვატურად შემეფასებინა მონაწილეები. სიმართლე გითხრათ, ბევრი არ მიფიქრია, როგორ უნდა მესაუბრა, როგორ უნდა შემეფასებინა, გულიდან რაც მოდიოდა, იმას ვამბობდი.
იგრძნობოდა, რომ ყველა შენი შეფასება გულით და გონებით იყო გადაწყვეტილი, ძალიან უფრთხილდებოდი კონკურსანტებს.
გადაცემაში, როცა ბევრი ადამიანი უყურებს კონკურსანტს, სიფრთხილეა საჭირო, რომ რაღაც არ ეწყინოს, ცუდად არ მიიღოს შეფასება, რომ ცუდად არ აისახოს ეს მასზე, შეიძლება, დაღი ცხოვრების ბოლომდე გაჰყვეს ადამიანს. ქართული ხასიათი ღირსებაზე და ერთმანეთის პატივისცემაზე დგას.
როგორია სამომავლო გეგმები?
სიმართლე გითხრათ, ძალიან ბევრი საქმეა, მაგალითად, სექტემბერში, 12 კონცერტი გვაქვს დაგეგმილი. გარდა ამისა, კიდევ ბევრი საინტერესო რამაა. ვხსნით სკოლის მეორე ფილიალსაც. რიგში გვაქვს ახალი სიმღერები, რომლებიც უნდა ჩავწეროთ, ასევე უკვე ჩაწერილები, რომლებზეც კლიპი უნდა გადავიღოთ. ძალიან დატვირთული სეზონი გველის.
ვისაუბროთ სიმღერაზე „ჩემი გული“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
სიმღერის კომპოზიტორი მარინა გოჩიტაშვილი გახლავთ, ტექსტის ავტორი – ირინა სანიკიძე. სიმღერა ზაზა გოჩიტაშვილის სტუდიაში ჩაიწერა.
ურსა – ჩემი გული
გადაცემის ჩანაწერი