რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ სოფო ერქომაიშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „დავაგვიანეთ“ პრემიერა შედგა.
სოფო, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?
ღვთის წყალობით, ძალიან კარგად მიდის ყველაფერი. მიხარია, რომ არასდროს ვჩერდები და სულ ძიებაში ვარ.

რამდენად მოთხოვნადია სიმღერა „თბილისური შალახო“, სხვადასხვა ღონისძიებებზე, კონცერტებზე რამდენად ითხოვენ?
თქვენს რადიოში რომ გაჟღერდა ეს სიმღერა, იმხელა პოპულარობა მომიტანა მეც და სიმღერასაც… ამ სიმღერას ძალიან ბევრი ვერსია აქვს და ბევრი ძალიან კარგი მომღერალი ასრულებს, მაგრამ რაღაც გაამართლა ამ ვერსიამ. თავისი სათქმელი თქვა ნამდვილად, ხალხმა შეიყვარა, არის მოთხოვნადიც და ჩემი სავიზიტო ბარათია, სადმე რომ მივდივარ, მეკითხებიან – „თბილისურ შალახოს ხომ იმღერებ?“. მეც მიხარია, რა თქმა უნდა.
ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე – „დავაგვიანეთ“.
ხომ არსებობს ისეთი სიყვარული, რომ წყვილს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და უბრალოდ, არ შედგა ქორწინება. ისინი, ორივე, რა თქმა უნდა, ბედნიერები არიან, ოღონდ ერთად არ არიან. აი ამ სიყვარულზეა ეს სიმღერა.

რატომ გაგიჩნდა სურვილი, რომ მსგავს თემაზე გემღერა?
მეგობრის ისტორიაა და მას ეძღვნება ეს სიმღერა.
ეს „ქავერ“ ვერსიაა და თვითონ სიმღერა მომეწონა.
ჩემი სიმღერის ტექსტი ქალბატონ ნანა ცინცაძეს ეკუთვნის. სიმღერა ხვიჩა ხარაიშვილთან ჩავწერე და სხვათა შორის, ლევან გულბათაშვილი დამეხმარა ტექნიკურ მხარეში, მის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ.
როგორია სამომავლო გეგმები?
გავიგე ამბავი, რომელიც ძალიან მიხარია. ახლო წარსულში ვიყავი იტალიაში, სადაც შევხვდი უსაზღვროდ თბილ და კარგ ადამიანებს და დღეს, მივიღე ასეთი ზარი, რომ მე ისევ ჩავალ ზაფხულში და კონცერტს გავმართავ.
სოფო ერქომაიშვილი – დავაგვიანეთ
გადაცემის აუდიოჩანაწერი
სოლოლაკი და აბანოთუბანი. Live
სოფო ერქომაიშვილი. “პრემიერა თაკოსთან”