რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ „ფორტე“ სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „ბოქლომი“ და პოპურის პრემიერა შედგა.
როგორია შემოქმედებითი სიახლეები და სამომავლო გეგმები?
ზურა: საკმაოდ დახუნძლული ზაფხული გამოგვივიდა, მოვასწარით რეგიონებში კონცერტები. ზაფხულის ბოლოსკენ, ისევ დაგეგმილია კონცერტები რაიონებში, ხარაგაულში, საჩხერეში.
ნინო: სხვათა შორის, ზურა ხარაგაულის საპატიო მოქალაქეა. ზურას მამა არის ხარაგაულელი. ცნობადი მამა ჰყავდა, მეღვინე.
ერთხელ უკვე გვქონდა ხარაგაულში კონცერტი, ზურა რომ დააჯილდოვეს. რომ ჩავედით, კი არ უთქვამს, მაჯილდოებენო. მერე, ვიღაცას წამოსცდა და ჩვენ არ შევიმჩნიეთ. ვიფიქრე, ღირსი კი არის, ვიდეოს გარეშე რომ დარჩება-მეთქი. რომ არ გვითხრა, ღირსი ხომ იყო, კადრები რომ არ ექნებოდა?!
ზურა, რატომ არ თქვი?
ზურა: ზოგადად, სიურპრიზები მიყვარს, მეთქი, მოულოდნელობის ეფექტი… სინამდვილეში, ვიდეო მე უნდა გადამეღო ამათთვის, ზოგს შეშურდა, ზოგი დაიბოღმა… (იცინის) მაინტერესებდა, როგორ აისახებოდა ეს. სხვათა შორის, გაგიკვირდებათ და გაუხარდათ, არ ველოდი მართლა, თან აშკარად გულწრფელად… ან ძალიან მაგარი მსახიობები არიან. (იცინიან).
სხვათა შორის, მამაჩემის სახელობის ქუჩა თბილისშიც არის გახსნილი, რაც ძალიან საამაყოა ჩემთვის.
კონცერტზე საკმაოდ ამაღელვებელი სიტყვები გამომივიდა, მამაჩემს მივუძღვენი ეს საპატიო მოქალაქეობა-მეთქი. კონცერტიც კარგი გამოვიდა.

მოგვიყევით სიმღერაზე „ბოქლომი“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
ირინა: ქეთი გაბისიანის სრულიად არაჩვეულებრივი სიმღერაა. ქეთის დიდი ხნის წინ აქვს დაწერილი, ალბათ, 7 წლის წინ შევასრულეთ, მაგრამ ახლა, ახალი ვერსია გავაკეთეთ. შევცვალეთ არანჟირებაც და სიმღერის წყობაც.
ნინო: ეს არის ლაივ შესრულება, რაც შეეხება ბენდს, ხოლო შემდგომ, ცირა ბზიშვილის სტუდიაში ჩაიწერა. დიდი მადლობა ბენდს და პირველ რიგში, მადლობა ქეთი გაბისიანს.
ვისაუბროთ პოპურზე. როგორც ჩანს, გიყვართ პოპურების ჩაწერა.
ზურა: გვიყვარს რა, იძულებულები ვართ, რომ პოპურები ვაკეთოთ, რადგან იმდენად „გაუმაძღრები“ ვართ სიმღერების კუთხით, რომ ვერ ვიმეტებთ ვერცერთ სიმღერას გაუმღერებლად და ასე ვაკოწიწებთ.
ახალ პოპურში რამდენი სიმღერა შედის და როგორ ხდება მათი შერჩევა?
ნინო: 4 სიმღერა შედის.
ზურა: შერჩევა ხდება ორომტრიალით, ჩხუბით.
ნინო: რატომ ჩხუბით?! ხანდახან არის, რომ არ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ ძირითადად, ვემთხვევით ხოლმე გემოვნებაში.
რაც შეეხება ამ პოპურს, ეს არის პოპური ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლიდან „ჩხიკვთა ქორწილი“, ჯემალ ბაღაშვილის ტექსტზე. ეს არის ჩვენი ბავშვობის სიმღერები… ყველამ იცის, ყველას ემღერება.
დიდი მადლობა ცირა ბზიშვილს არანჟირებისთვის. არაჩვეულებრივი არანჟი გააკეთა, ისეთი, როგორიც გვინდოდა.
ვნახოთ, მაყურებელი როგორ მიიღებს ჩვენს ვერსიას.

გადაცემის ბოლოს, რამე კურიოზი რომ გაიხსენოთ…
ზურა: ამას წინათ, რაღაც კონცერტზე დამიძახეს, წამყვანად გვინდა, რომ მოგიწვიოთო. პირდაპირ მითხრეს, ვიცით თქვენი დიდი ბიუჯეტის შესახებ, ძალიან მაღალ ანაზღაურებას იღებთ, მაგრამ ძალიან ცოტა ბიუჯეტი გვაქვსო. მართლა იმდენად ცოტა მითხრეს, უხერხულიც კი იყო, ვუთხარი, არ მინდა, რადგან ასეთი კარგი ამბავია, ისე წამოვალ, ჩემგან საჩუქარი იყოს-მეთქი. არა, არავითარ შემთხვევაში, ეს ფული აუცილებლად უნდა გავწეროთო. ოღონდ თქვენ დამშვიდდით და დაწყნარდით და იყოს-მეთქი, ვუთხარი. ამაზე რომ მოვილაპარაკეთ, მერე, ელექტრონული ხელმოწერა მომთხოვეს. ეს ელექტრონული ხელმოწერა რომ გავიგე, გულმა რეჩხი მიყო… ისევ გაჩუქებთ, ანაზღაურება აღარ მინდა, გადავიფიქრე, უბრალოდ მოვდივარ-მეთქი და თან უკვე ვნანობ, რატომ დავეთანხმე…
მოკლედ, როგორც იქნა, გავიგე, გავარკვიე და ჩემს ელექტრონულ ხელმოწერას ვადა აქვს გასული.
ვურეკავ, გეხვეწებით, არ მინდა თქვენი ჰონორარი, ისე წამოვალ-მეთქი. არა, უნდა გავწეროთო.
მეთქი, რაღა ვქნა, იქნებ, რამე დამემართოს, რომ ვერ წავიდე… (იცინის)
მითხრეს, ჩამოდით, იქვე მიგიყვანთ საჯარო რეესტრში და უცებ გავაკეთებთო.
სამი საათით ადრე ჩავედი, რომ მომესწრო.
მერე, ინდ. მეწარმეზე უნდა ჩაეწეროთო. ხალხო, მეთქი, ამ ერთი ანაზღაურების გულისთვის უნდა ვწერო განცხადებები, არ მინდა…
მერე, იუსტიციის სახლში რომ მივედი, ამ გოგომ რაღაცებს გადახედა და უიო, თქვა. ეს „უი“ არ მომეწონა.
მითხრა, თქვენ უკვე გამოყენებული გაქვთ ეს ელექტრონული ხელმოწერა, ოთხჯერ შეცვლილი გაქვთ და ახლა, სანამ ახალ პირადობას არ აიღებთ, ვერ მოგცემთო.
მეთქი, რომ იცოდეთ, რამდენი ვიწვალე, თქვენ მაინც უთხარით, რომ არ მინდა ეს ჰონორარი-მეთქი.
სერიოზული დაჯილდოება იყო, გადასარევად ჩაიარა, მაგრამ ლაიტმოტივი კულისებში ძირითადად ჩემი ელექტრონული ხელმოწერა იყო.
მაინც საჩუქარი გამომივიდა, უბრალოდ, ნერვები დამაწყდა და ათასი ლარი დამიჯდა უკვე ნერვების მკურნალობა (იცინის).
ფორტე – ბოქლომი
ფორტე – პოპური ჩხიკვთა ქორწილიდან
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ფორტე – რა გინდოდა. Live
ფორტე. “პრემიერა თაკოსთან”