რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ გიორგი ელიზბარაშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „ხვალ გეტყვი“ პრემიერა შედგა.
გიორგი, მოგვიყევი შენს კარიერაზე, რა გზა გამოიარე, სანამ აქამდე მოხვიდოდი?
ოჯახის წევრებმა შემამჩნიეს, რომ მქონდა მუსიკალური მონაცემები და ოთხი წლიდან უკვე შემიყვანეს სტუდიაში.
შემდეგ, ფოლკლორულ ანსამბლში გავაგრძელე, ანსამბლ „ბიჭებში“ ვმღეროდი 15 წელი. ანსამბლიდან გამომდინარე საოცარ ღონისძიებებში ვიღებდი მონაწილეობას.
შემდეგ, საპატრიარქოს გუნდში გავაგრძელე გალობა. ნიკოლოზ რაჭველთან ერთად კონცერტებზე გამოვდიოდი და ეს მართლა უდიდესი გამოცდილება იყო.
2017 წლიდან დავიწყე სოლო კარიერა.
ვფიქრობ, რომ საინტერესო გზა გავიარე.
მუსიკალური განათლება გაქვს?
მუსიკალური შვიდწლედი მაქვს დამთავრებული, საგუნდო-სადირიჟორო განხრით.

საერთო ჯამში რამდენი სიმღერა გაქვს შენს რეპერტუარში?
ყოველდღიურად ვმუშაობ ჩემს რეპერტუარზე, თბილისის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე ვასრულებ ქართულ ქალაქურ და უცხოურ ქავერ ჰიტებს, დაახლოებით, 300 სიმღერა მაქვს რეპერტუარში, მაგრამ რაც შეეხება ჩემთვის დაწერილ ნამუშევრებს, სიმღერა, რომელიც დღეს მოვიტანე, რიგით მეორეა. ვფიქრობ, რომ მომღერალმა უნდა ეცადოს და ხშირად ჩაწეროს თავისთვის დაწერილი სიმღერები.
რა თქმა უნდა, არ ვაპირებ გაჩერებას, წინ კარგი ამბები მელოდება.

ვისაუბროთ სიმღერაზე „ხვალ გეტყვი“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
სიმღერა ეკუთვნის საოცარ კომპოზიტორს, გია მაჭარაშვილს. ყოველთვის მინდოდა, რომ გიას დაეწერა ჩემთვის სიმღერა. მე და ტატო გოდერძიშვილი მივედით გიასთან, გიამ მითხრა, მე დაგიწერ ისეთ სიმღერას, რომელიც მოგეწონებაო. რომ მოვისმინე, ჩემი ხასიათი დავინახე.
ტექსტი არის მზეზე, ზღვაზე და სიყვარულზე. ტექსტი შექმნა მანანა გურგენიძემ. არანჟირება გია მაჭარაშვილს ეკუთვნის. ჩავწერე მარიკა ქაცარავას სტუდიაში.

როგორც აღნიშნე ძალიან მრავალფეროვანი რეპერტუარი გაქვს, რომელი ჟანრია შენთვის ყველაზე მეტად კომფორტული?
ქართული ქალაქური.
გიორგი ელიზბარაშვილი – ხვალ გეტყვი
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გიორგი ელიზბარაშვილი – მაშინ თბილისი რა თბილისია. Live
გიორგი ელიზბარაშვილი. “პრემიერა თაკოსთან”